Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფრასტრუქტურის ექსმინისტრის მოადგილე ნახევარმილიონიანი გირაოთი გაათავისუფლეს


ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მოადგილე ოქტომბრის ბოლოს დააკავეს, ხოლო ექსმინისტრ ირაკლი ქარსელაძის ქონება გაჩხრიკეს. ქარსელაძე არ დაუკავებიათ.
ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მოადგილე ოქტომბრის ბოლოს დააკავეს, ხოლო ექსმინისტრ ირაკლი ქარსელაძის ქონება გაჩხრიკეს. ქარსელაძე არ დაუკავებიათ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ინფრასტრუქტურის ექსმინისტრის, ირაკლი ქარსელაძის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას „წინასწარი პატიმრობა“ გირაოთი შეუცვალა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან ნახევარი მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

  • გაბუნია 2025 წლის 30 ოქტომბერს დააკავეს - „ფინანსურმა პოლიციამ“ განაცხადა, რომ ის დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ამასთან, ექსმინისტრ ირაკლი ქარსელაძის, გაბუნიასა და სხვა პირების ქონება - სულ 18 ობიექტი - გაჩხრიკეს. გამოძიებას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად სუსი აწარმოებდა.
  • კობა გაბუნია სამინისტროში იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი - ამ ფონდთან დაკავშირებით უკვე არაერთი მაღალჩინოსანია მიცემული პასუხისგებაში, მათ შორის, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - მას გირაო შეუფარდეს.

დღესვე, 30 დეკემბერს სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ქარსელაძის ადვოკატმა გოჩა კვირიკაშვილმა განუცხადა, რომ კობა გაბუნიას არ მიუცია ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ ჩვენება.

„100 %-ით გეუბნებით, შემრცხვება, თუ ტყუილი აღმოჩნდება. გეუბნებით, რომ ეს [ქარსელაძის წინააღმდეგ ჩვენება] არ ყოფილა. გამოძიება დარწმუნდა, რომ ქარსელაძე ამ საქმესთან მიმართებაში კავშირში არაა“, - ციტირებს IPN-ი ადვოკატს.

  • ჯერჯერობით არ დაუკავებიათ და ბრალი არ წარუდგენიათ ირაკლი ქარსელაძისათვის.
  • ირაკლი ქარსელაძე სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარე, კურსელი და ახლო მეგობარია.
  • ბოლო პერიოდში დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილი, ხოლო მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი პასუხისგებაში მისცეს.

მათგან ორი დაკავებულია, ერთს კი დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული.

  • პირველი ბიჭიკო პაიკიძეა, გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი, ნათლულის მამა, ვანში „ოცნების“ დეპუტატი და ბიზნესმენი; მასზე 24 სექტემბრიდან ძებნაა გამოცხადებული;
  • მეორე - კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;
  • მესამე - ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში:

ფორუმი

XS
SM
MD
LG