„არ მჯერა, რომ ეს დარტყმა იყო“, - უთხრა ტრამპმა 4 იანვარს ჟურნალისტებს პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შორიახლოს რაღაც მოხდა, მაგრამ ამას რეზიდენციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
ნოვგოროდის ოლქში პუტინის რეზიდენცია ქალაქ ვალდაიდან დაახლოებით ოც კილომეტრში მდებარეობს. ამ სახელმწიფო რეზიდენციაზე 91 უკრაინული დრონით შეტევის შესახებ 29 დეკემბერს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
იმავე დღეს კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რეზიდენციაზე შეტევის თაობაზე პრეზიდენტმა პუტინმა სატელეფონო საუბრისას უთხრა პრეზიდენტ ტრამპს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის განცხადებებს ტყუილი და „ფეიკი" უწოდა.
29 დეკემბერს პრეზიდენტმა ტრამპმა მედიას უთხრა, რომ შესაძლოა, შეტევა არ ყოფილა, მაგრამ პუტინმა უთხრა, რომ იყო.
4 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გადაამოწმეს, მიიჩნევენ, რომ ეს არ მომხდარა.
წამყვანი ამერიკული გამოცემები დეკემბრის ბოლოს წერდნენ, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნით, უკრაინას არ უცდია არც პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე და არც მის რეზიდენციაზე შეტევა.
ფორუმი