5 იანვარს მან რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის - ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და განაცხადა, რომ ის „უკრაინის გუნდშია“.
„შევხვდი დმიტრო კულებას. განვიხილეთ უკრაინის გარშემო არსებული ვითარება - როგორც პოლიტიკური, ისე საინფორმაციო კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პერსპექტივა მსოფლიო საკითხებზე იყოს წარმოდგენილი და საკმარისად ძლიერადაც. მოხარული ვარ, რომ დმიტრო უკრაინის გუნდშია და შევთანხმდით, რომ განვსაზღვრავთ შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებებს“.
პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, კულებამ განაცხადა, რომ ახლა „ყველა - ხელისუფლებაში თუ მის მიღმა მყოფი - უკრაინის გუნდში უნდა იყოს და მისთვის სარგებელი მოჰქონდეს“.
5 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სერჰი კისლიცა დანიშნა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვის მოადგილედ.
ორშაბათსვე უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელ ვასილი მალიუკს, რომელმაც, თავის მხრივ, 5 იანვარს გაავრცელა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ:
„ვტოვებ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ვრჩები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, რომ განვახორციელო მსოფლიო დონის ასიმეტრიული სპეცოპერაციები, რომლებიც მომავალშიც მაქსიმალურ ზიანს მიაყენებს მტერს“.
მალიუკთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ თავის ოფიციალურ გვერდზე დაპოსტა:
"შევხვდი ვასილი მალიუკს. მადლობა გადავუხადე მას საბრძოლო სამსახურისთვის და შევთავაზე, რომ ფოკუსირდეს სპეციფიკურად ამ მიმართულებაზე.
უნდა განხორციელდეს მეტი ასიმეტრიული ოპერაცია ოკუპანტის, რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ და მტრის განადგურებაში უფრო მყარი შედეგებისთვის. ამაშია ვასილი უძლიერესი და სწორედ ამის კეთებას განაგრძობს ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. ვასილი მალიუკს დავავალე ჩვენი ასიმეტრიული ოპერაციები მსოფლიოში უძლიერესად აქციოს. ამისთვის აუცილებელი რესურსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ადგილზეა. ვიმსჯელეთ აგრეთვე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პოტენციურ კანდიდატებზე".
ვასილი მალიუკი დარწმუნებულია, რომ ძლიერი და თანამედროვე სპეცსამსახური უკრაინის უსაფრთხოების საწინდარია. მან მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურის კოლექტივს, ყველა მებრძოლსა და უკრაინის ხალხს მხარდაჭერისთვის. ვასილი მალიუკის ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია რუსეთის წინააღმდეგ, რომელთა შორისაა: „პავუტინას“ სახელით ცნობილი ოპერაცია, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის ოთხ აეროდრომზე ერთდროულად დრონებით იქნა მიტანილი იერიში და განადგურდა 41 სამხედრო თვითმფრინავი. მალიუკის ანგარიშზეა ყირიმის ხიდზე განხორციელებული სამი უნიკალური თავდასხმა; უნიკალური საზღვაო საბრძოლო დრონების გამოგონება, რომლებითაც რუსეთის 14 გემი განადგურდა და ა.შ..
5 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ეკონომიკური განვითარების საკითხებში მრჩევლად დანიშნა კანადის ყოფილი ვიცე-პრემიერი ქრისტია ფრილანდი.
ფორუმი