სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი, მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილს, რომელშიც სიტყვის თავისუფლებაზე იყო ლაპარაკი და კომენტარში მორიგ ჯერზე გააკრიტიკა ევროკავშირი.
"ყველას მიეცა შესაძლებლობა, ხმამაღლა ისაუბროს, რომ არაფრის გაფეტიშება არ შეიძლება, მათ შორის, არც სიტყვის, რომელიც შეიძლება იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ და ამის კარგი მაგალითია საქართველო", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისი სიტყვებით, პატრიარქი მიუთითებს, რომ "ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს".
"მათ შორის იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდოიდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ ენჯეოებს, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია - ჩვენს ეკლესიასა და მის სიტყვას“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
"სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს“, - წერია ეპისტოლეში, რომელიც 6 იანვრის საღამოს, შობის დადგომამდე, სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.
გასულ წელს სადავო პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც პარტია „ქართული ოცნებაა“, არაერთი კანონი მიიღო სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად: ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა თანამდებობის პირების მიმართ შეურაცხყოფა - ეს წესი კი გაავრცელა სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებსა და კომენტარებზე; სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა მოსამართლის მიმართ სიტყვიერი „უხამსი ქმედება“; აიკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება; დემონსტრანტებს შეზღუდვები დაუწესდათ ტროტუარზე პროტესტის შემთხვევაშიც კი; პატიმრობით ისჯება საავტომობილო გზის ან ფეხით სავალი ადგილების გადაკეტვა (განმეორების შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართის საქმე) და ა.შ.
ფორუმი