Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

21:33 20.1.2026

ირანში დაღუპულთა და დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე ვერ დგინდება. უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს მონაცემებით, 24 ათასზე მეტი პროტესტის მონაწილე ახლა ირანის ციხეებშია გამოკეტილი.

მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, რომ მისი ინფორმაციით, სიკვდილით დასჯას აღარავის უპირებენ, ეს საშიშროება მაინც რჩება.

„ქმედებების მთელი რიგი შეფასებულია, როგორც მოჰარებე, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ისლამურ დანაშაულს წარმოადგენს,“ - განაცხადა ირანის სასამართლოს სპიკერმა ასგარ ჯაჰანგირმა 18 იანვარს პრესკონფერენციაზე. მოჰარებე ანუ „ღვთის წინააღმდეგ გალაშქრება“ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

21:32 20.1.2026

ახლად გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ესვრიან ძალოვნები, ირანში, 8 იანვარს დემონსტრანტებს და როგორ იჭრებიან შენობებსა და სახლებში, მათ დასაკავებლად ან საცემად

18:34 20.1.2026

რუსეთი აცხადებს, რომ ირანთან ვაჭრობას არ შეწყვეტს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 20 იანვარს განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ ხედავს მიზეზს ირანთან ვაჭრობის შესაწყვეტად, აშშ-ის სანქციების მუქარის მიუხედავად.

12 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანთან ბიზნესს აწარმოებს, შეერთებულ შტატებთან ვაჭრობისას 25-პროცენტიანი ტარიფები დაუწესდება.

შეერთებული შტატები რუსეთს ისედაც ფართომასშტაბიან სავაჭრო სანქციებს უწესებს, განსაკუთრებით 2022 წლის თებერვალში მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

გასულ კვირას ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობები ეფუძნება ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დადებულ შეთანხმებებს და „შეერთებული შტატები მასზე გავლენას ვერ მოახდენს“.

ლავროვმა ირანთან თანამშრომლობის მაგალითებად ისეთი პროექტები დაასახელა, როგორიცაა ბუშერის ატომური ელექტროსადგური და „ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს ამ შეთანხმებების განხორციელებას.

ბოლო წლებში ირანმა და რუსეთმა გააფართოვეს ეკონომიკური და სამხედრო კავშირები, მათ შორის, თეირანმა მოსკოვს მიაწოდა სამხედრო დრონები უკრაინაში ომისთვის.

17:52 20.1.2026

ჰილელ ნოიერი უარყოფს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, თითქოს დავოსის მიწვევა ისრაელის ზეწოლით გაუქმდა

საერთაშორისო იურისტმა და ორგანიზაცია UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰილელ ნოიერმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩის სოციალურ ქსელ X-ში მიმართა და განუცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ორგანიზატორებმა მისი ვიზიტი იმიტომ გააუქმეს, რომ იგი „პირდაპირ არის ჩართული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში“.

19 იანვარს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაცხადა, რომ გააუქმა არაყჩის მიწვევა სამიტზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბოლო კვირების განმავლობაში ირანში მშვიდობიანი მოქალაქეების ტრაგიკული დაღუპვა ნიშნავს, რომ წელს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლობა დავოსში მართებული არ არის“.

არაყჩიმ საპასუხოდ ფორუმი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი მიწვევა „სიცრუისა და ისრაელისგან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე“ გააუქმეს.

ნოიმერმა სცადა სიმართლის აღდგენა და არაყჩის X-ზე მისწერა, რომ თუ ის ამ კვირაში დავოსში მაინც ჩავიდოდა, „შვეიცარიის პროკურატურაში სისხლის სამართლის საჩივარი შევიდოდა“, მისი მტკიცებით, არაყჩის იმ როლის გამო, რომელიც მას ირანში „ათასობით დემონსტრანტის მასობრივ მკვლელობაში“ მიუძღვის.

ნოიერი და UN Watch-ი რეგულარულად ამხილებენ იმ რეჟიმების მხრიდან უფლებების დარღვევებს, რომლებიც ხშირად დომინირებენ გაეროს ფორუმებზე.

აღსანიშნავია, რომ 16 იანვარს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ (MSC), რომელიც 13-15 თებერვალს არის დაგეგმილი, ასევე გააუქმა არაყჩისა და ირანის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიწვევა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG