პიტ ჰეგსეთი: "ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ იყო ისტორიული და ყოვლისმომცველი გამარჯვება ბრძოლის ველზე
აშშ-ის თავდაცვის (ომის) მინისტრი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ "ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ იყო ისტორიული და ყოვლისმომცველი გამარჯვება ბრძოლის ველზე. დიდი ასო V-თი - სამხედრო გამარჯვება!" და ამ ოპერაციამ ბრძოლისთვის არაეფექტიანად აქცია ირანის სამხედრო ძალა მომდევნო წლების პერსპექტივაში:
"ორმოც დღეზე ნაკლებ დროში, ჩვენმა ერთმა ცენტრალურმა საბრძოლო სარდლობამ, ამერიკის მთლიანი საბრძოლო სიმძლავრის 10%-ზე ნაკლების გამოყენებით, გაანადგურა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ძალა. მსოფლიოში ტერორიზმის სპონსორი მთავარი სახელმწიფო აღმოჩნდა უკიდურესად უუნარო დაეცვა საკუთარი თავი, თავისი ხალხი დაა ტერიტორია.
ჩვენ გამოვიყენეთ მხოლოდ ნაწილი ჩვენი ძალის და ირანმა განიცადა გამანადგურებელი სამხედრო მარცხი".
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა 8 აპრილს პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგაც, აშშ-ის ძალები რჩება ადგილზე, რომ უზრუნველყოს თეირანთან გარიგების დაცვა:
"ჩვენ იქ ვრჩებით. არსად მივდივართ. ვაპირებთ იმის უზრუნველყოფას, რომ ირანმა დაიცვას ცეცხლის შეწყვეტა, საბოლოოდ კი დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან და დადოს შეთანხმება. ასე რომ, ვრჩებით მზადყოფნაში, ფხიზლად. ჩვენი ჯარები მზად არიან თავდაცვისთვის, მზად არიან თავდასხმისთვის, რესტარტისთვის - შეტყობინებისთანავე".
ევროპელი ლიდერები და იაპონიის პრემიერმინისტრი ერთობლივი განცხადებით მიესალმებიან აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. მადლობას უხდიან პაკისტანსა და ყველა პარტნიორს, რომელმაც ხელი შეუწყო ამ „მნიშვნელოვანი შეთანხმების“ მიღწევას:
„ახლა მიზანი უნდა იყოს მომდევნო დღეებში ომის დასრულებაზე სწრაფი და ხანგრძლივვადიანი შეთანხმების მიღწევა. ამისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიური გზებით", - აღნიშნულია 8 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი, დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენი, ნიდერლანდის პრემიერმინისტრი რობერტ იეტენი, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლეიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და იაპონიის პრემიერმინისტრი სანაე ტაკაიჩი.
ისინი მხარს უჭერენ ვითარების "არსებითი მოგვარებისკენ" სწრაფ პროგრესს:
"ეს იქნება გადამწყვეტი ირანის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამას შეუძლია თავიდან აგვაცილოს მწვავე გლობალური ენერგეტიკული კრიზისი".
"მსოფლიო ხედავს ხოცვა-ჟლეტას ლიბანში", - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი. მან 8 აპრილს საღამოს X-ზე დაწერა:
„ირანი-აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის პირობები ნათელი და აშკარაა: აშშ-მა უნდა აირჩიოს - ცეცხლის შეწყვეტა, თუ ომის გაგრძელება ისრაელის მეშვეობით. ორივე ერთად შეუძლებელია. მსოფლიო ხედავს ხოცვა-ჟლეტას ლიბანში. ბურთი აშშ-ის მოედანზეა და მსოფლიო აკვირდება - იმოქმედებს თუ არა ის თავისი ვალდებულებების შესაბამისად".
ოთხშაბათსავე ისრაელის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე აგრძელებს სამხედრო კამპანიას ჰეზბოლას წინააღმდეგ და იმეორებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ვრცელდება ლიბანზე.
ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის შემდეგ აშშ-ირანის მოლაპარაკება პაკისტანში უნდა გაიმართოს
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად 10 აპრილს უნდა დაიწყოს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.
შეერთებული შტატები და ირანი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას 7 აპრილს დასთანხმდნენ პაკისტანის შუამავლობით.
ფორუმი