Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
28 თებერვალს, თეირანის თავზე ჩანს კვამლი მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ირანზე „პრევენციული დარტყმა“ განახორციელა
28 თებერვალს, თეირანის თავზე ჩანს კვამლი მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ირანზე „პრევენციული დარტყმა“ განახორციელა

ისრაელმა და აშშ-მა ირანზე იერიშები მიიტანეს

ისრაელი აცხადებს, რომ მან ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმა“ განახორციელა, რამაც მკვეთრად გაამწვავა დაძაბულობა და შეამცირა თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ დიპლომატიური მოგვარების იმედები. ტრამპმა განაცხადა, რომ “აშშ-მა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო“.

მთავარი მოვლენები

22:30 22.1.2026

ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები

თითქმის ორი კვირაა, საქართველოში მცხოვრები ირანელების ნაწილი, თბილისში, ირანის საელჩოს წინ აპროტესტებს ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ათასობით ადამიანის მკვლელობას.

საკუთარი ქვეყნიდან შორს მყოფები, მათგან ბევრი - ირანიდან იძულებით წამოსული ადამიანი, ცდილობს ირანში მიმდინარე მოვლენების გარშემო არ იყოს სიჩუმე. მათი ნაწილი რეზა ფაჰლავის და მონარქიის მომხრეა და ამას მათი შეძახილებით, დროშებით თუ საპროტესტო პლაკატებითაც მიხვდებით, ნაწილს მომავლის ირანი დემოკრატიულ რესპუბლიკად წარმოუდგენია.

თუმცა ყველას აქვს ერთი სურვილი და მიზანი - ისლამური რეჟიმისგან ირანის გათავისუფლება.

რადიო თავისუფლების ამ დისკუსიაში თბილისში მცხოვრები რამდენიმე ირანელი გვიზიარებს მათთვის რთული, ბოლო დღეების გამოცდილებას და იმ წლებზეც გვიყვებიან, როცა ირანში ცხოვრობდნენ.

საიდ ფაზლი რეჟისორია, ის 8 წელია ცხოვრობს საქართველოში.

ღაზალე ფარსაი - ტურისტული გიდი. ის 6 წელია რაც აქა არის.

ამინ მაჰმუდაბოდი, აქციის ერთ-ერთი ლიდერი, კაცი ლურჯ ქურთუკში, პროფესიით IT-ა. ის სამი წელია ცხოვრობს საქართველოში.

აფსანე მაჰმუდაბადიც, რომელსაც თბილისში სილამაზის სალონი აქვს, საქართველოშია უკვე სამი წელია.

ირანში ინტერნეტი ისევ გათიშულია. მხოლოდ ხანდახან, რამდენიმე წამიანი სატელეფონი ზარის ხმა თუ გაისმება, რომლის დროსაც ორი სიტყვის თქმას ასწრებენ - „ცოცხლები ვართ“ და მერე ზარი ითიშება.

ამ დისკუსიის წინაც, პირველი კითხვა, რომელიც შეხვედრისას ერთმანეთს დაუსვეს ის იყო, ბოლოს როდის ჰქონდათ ირანთან კავშირი...

22:47 22.1.2026

ევროკავშირი ირანელ მაღალჩინოსნებს სისხლიანი დარბევის გამო სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირმა წამოაყენა წინადადება, სანქციები დაუწესდეს ირანის შინაგან საქმეთა მინისტრსა და 14 სხვა მაღალჩინოსანს იმ როლისთვის, რომელიც მათ დეკემბრის ბოლოს დაწყებული ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ითამაშეს. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტებში, რომლებიც რადიო თავისუფლებამ (RFE/RL) მოიპოვა.

ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა ეს ზომები, რაც აქტივების გაყინვასა და ვიზების აკრძალვას მოიცავს, 29 იანვარს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღონ. სანქციების დასამტკიცებლად საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა.

20 იანვრით დათარიღებული წინადადება, რომელიც ევროკავშირის საბჭოში გავრცელდა, მიმართულია შინაგან საქმეთა მინისტრ ესკანდარ მომენის წინააღმდეგ, რომელიც ზედამხედველობს ირანის სამართალდამცავ ძალებს (LEF), ასევე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) უსაფრთხოების დანაყოფების წინააღმდეგ, რომლებსაც ასობით დემონსტრანტის სიკვდილში ადანაშაულებენ.

გენერალურ პროკურორ მოჰამად მოვაჰედი-აზადს სანქციები ემუქრება „ღმერთის წინააღმდეგ მტრობის“ ბრალდებით დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის მუქარის გამო.

ევროკავშირის დოკუმენტის თანახმად, მომენი, რომელიც ასევე მთავარსარდლის მოადგილეა, მეთაურობდა ძალებს, რომლებმაც „ჩაახშეს ქუჩის პროტესტი“, რასაც ათასობით მსხვერპლი მოჰყვა.

მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართულებით ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაში ბრალდებულნი არიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რეგიონული მეთაურები, მათ შორის, ჰეიდარ ოლფატი ილამის პროვინციაში და აჰმად ალი ფეიზოლაჰი IRGC-ის სახმელეთო ჯარების ელიტარული „საბერინის“ ბრიგადიდან.

22:55 22.1.2026

გადამწვარი მეჩეთები და ავისმომასწავებელი სიმშვიდე თეირანში არეულობის შემდეგ

19 და 20 იანვარს გამოქვეყნებული ფოტოები ასახავს თეირანში იმ მასშტაბური პროტესტის შედეგებს, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში მთელი ირანი მოიცვა, სანამ ქვეყნის უსაფრთხოების ძალები მას ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშობდა

17:47 23.1.2026

ირანში საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა, 20 000-ს მიაღწიოს



მაი სატომ, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ირანში ადამიანის უფლებათა საკითხებში, განაცხადა, რომ ირანის საპროტესტო აქციების დარბევისას დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და ერთ-ერთი შეფასებით, საერთო რაოდენობამ შესაძლოა 20 000-ს გადააჭარბოს.

ამ კვირაში ABC News-სთან ინტერვიუში სატომ აღნიშნა, რომ დაღუპული სამოქალაქო პირების რაოდენობა მინიმუმ 5 000-ს შეადგენს. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ ირანში მყოფი ექიმებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ეს ციფრი შესაძლოა 20 000 ან მეტი იყოს.

უფლებადამცველი სააგენტო HRANA-ს მონაცემებით, დაღუპულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 5 002-ს მიაღწია, ხოლო იმ შემთხვევათა რიცხვი, რომლებზეც გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, 9 787-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, HRANA-ს თანახმად, საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 7 391-მა ადამიანმა მიიღო მძიმე დაზიანებები, ხოლო დაკავებულთა საერთო რაოდენობა 26 852-მდე გაიზარდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG