Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
28 თებერვალს, თეირანის თავზე ჩანს კვამლი მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ირანზე „პრევენციული დარტყმა“ განახორციელა
28 თებერვალს, თეირანის თავზე ჩანს კვამლი მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ირანზე „პრევენციული დარტყმა“ განახორციელა

ისრაელმა და აშშ-მა ირანზე იერიშები მიიტანეს

ისრაელი აცხადებს, რომ მან ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმა“ განახორციელა, რამაც მკვეთრად გაამწვავა დაძაბულობა და შეამცირა თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ დიპლომატიური მოგვარების იმედები. ტრამპმა განაცხადა, რომ “აშშ-მა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო“.

მთავარი მოვლენები

12:38 25.1.2026

23 წლის თეირანელი სტუდენტი ზაჰრა ბაჰლოლიპური 8 იანვარს ირანის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს უსაფრთხოების ძალებმა სასიკვდილოდ დაჭრეს.

მისი უნივერსიტეტის ჯგუფელები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ პოსტებს საყვარელი მეგობრის ხსოვნის პატივსაცემად, რომელსაც „რაჰას“ სახელით იცნობდნენ.

ბაჰლოლიპური იმ 5 000-ზე მეტ მსხვერპლს შორისაა, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო მოძრაობის ძალისმიერი ჩახშობისას დაიღუპნენ, თუმცა ძალადობის სრული მასშტაბები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი.

13:52 25.1.2026

ირანის საპროტესტო აქციების დროს შესაძლოა 30 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - ჟურნალი Time


ვიდეოკადრებში, რომლებიც 14 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალებიდანაა აღებული, ჩანს თეირანის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მიწაზე დასვენებული ათეულობით ცხედარი, რომელთა შორისაც დამწუხრებული ახლობლები საკუთარ ოჯახის წევრებს ეძებენ.
ვიდეოკადრებში, რომლებიც 14 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალებიდანაა აღებული, ჩანს თეირანის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მიწაზე დასვენებული ათეულობით ცხედარი, რომელთა შორისაც დამწუხრებული ახლობლები საკუთარ ოჯახის წევრებს ეძებენ.

ირანის საპროტესტო აქციების მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა 30 000-ს გადააჭარბოს - განუცხადა ჟურნალ Time-ს ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ორმა მაღალჩინოსანმა.

25 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სიკვდილიანობის უდიდესი წილი 8-9 იანვარზე მოდის, როდესაც საყოველთაო პროტესტის ძალისმიერმა ჩახშობამ პიკს მიაღწია. მკაცრი ცენზურისა და ინტერნეტის ხანგრძლივი გათიშვის გამო, ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.

ეს მაჩვენებელი მკვეთრად ეწინააღმდეგება ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს (3 117 დაღუპული), თუმცა უფრო მეტად შეესაბამება საერთაშორისო შეფასებებს.

გაერო გაცილებით მაღალ მსხვერპლზე მიუთითებს. მაი სატომ, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ირანში ადამიანის უფლებების საკითხებში, 22 იანვარს განაცხადა, რომ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ შესაძლოა, 20 000-ს გადააჭარბოს. Amnesty International-მა მომხდარი „უპრეცედენტო მასშტაბის“ მკვლელობებად შეაფასა და აღნიშნა, რომ გამოყენებული იყო საბრძოლო მასალა, რკინის საფანტი და იზღუდებოდა სამედიცინო დახმარებაზე წვდომა.

Time-ის ცნობით, იმ ორ დღეს, როდესაც ოპოზიციონერებმა, მათ შორის, ყოფილმა პრინცმა რეზა ფაჰლავიმ, ხალხს პროტესტისკენ მოუწოდეს, მსხვერპლის მასშტაბმა სახელმწიფო რესურსები გადაწონა - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხედრებისთვის განკუთვნილი ტომრები გამოილია, სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ აუდიოდა მოკლულთა გადაყვანას, რის გამოც ხელისუფლებამ 18-ბორბლიანი სატვირთო ავტომანქანების გამოყენება დაიწყო.

ეს შეფასებები ემთხვევა საავადმყოფოების მონაცემებს, რომლებიც გერმანელ-ირანელმა ოფთალმოლოგმა, დოქტორ ამირ პარასტამ შეისწავლა. მისი თქმით, ექიმებისა და პირველადი დახმარების ჯგუფების მიერ შეგროვებული მონაცემები 23 იანვრის მდგომარეობით სულ მცირე 30 304 დაღუპულს აჩვენებს. მანვე აღნიშნა, რომ ეს ციფრი ჯერ კიდევ არასრულია.

14:34 25.1.2026

ციფრული უფლებების დამცველი ორგანიზაცია და ინტერნეტ-კავშირის მონიტორინგის ჯგუფი NetBlocks-ი აცხადებს, რომ ირანში ინტერნეტის გათიშვის ხანგრძლივობამ უკვე 400 საათს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ „კავშირის ხანმოკლე აღდგენის შემთხვევები“ ინტერნეტის ფართო მასშტაბით აღდგენის მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის, ონლაინკომუნიკაციის დამყარება მხოლოდ ნაწილობრივ, შეზღუდვების გვერდის ავლის მეთოდების (მაგალითად, VPN-ის) გამოყენებით ხერხდება.

15:31 25.1.2026

მასწავლებელთა საბჭო რეპრესიების დროს დაღუპული ათეულობით სტუდენტისა და მოსწავლის ვინაობას ასახელებს - RFE/RL-ის "რადიო ფარდას" მასალების მიხედვით

„მასწავლებელთა პროფესიული კავშირების კოორდინაციულმა საბჭომ“ 40-ზე მეტი ადამიანის სახელი გამოაქვეყნა იმ სტუდენტებისა და მოსწავლეების სიაში, რომლებიც, ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო საპროტესტო აქციების ძალისმიერი ჩახშობისას დაიღუპნენ.

საბჭო, რომელიც აერთიანებს ირანის დამოუკიდებელ მასწავლებელთა ჯგუფებს, აცხადებს, რომ ეს სია ეფუძნება სანდო ქსელებისა და საიმედო წყაროების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და იგი ეტაპობრივად განახლდება.

საბჭომ „ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა გამოუთქვა დაზარალებულ ოჯახებს“ და ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ორგანიზაციამ ასევე მოითხოვა ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იანვრის დემონსტრაციების დროს დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG