არაბთა გაერთიანებული საამიროები: თეირანმა ვაშინგტონთან ბირთვულ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი, ანვარ გარგაში აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის კიდევ ერთ დაპირისპირებას ვერ გაუძლებს და თეირანმა ვაშინგტონთან ბირთვულ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.
„ვფიქრობ, რეგიონმა არაერთი კატასტროფული დაპირისპირება გამოიარა. არ მგონია, რომ კიდევ ერთი გვჭირდებოდეს, თუმცა ვისურვებდი ირანულ-ამერიკულ პირდაპირ მოლაპარაკებებს, რომლებიც ურთიერთგაგებამდე მიგვიყვანს, რათა ეს პრობლემები ყოველ მეორე დღეს არ გვქონდეს“, - განაცხადა მან 4 თებერვალს დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტზე (World Governments Summit).
ირანი და შეერთებული შტატები ბირთვულ მოლაპარაკებებს თურქეთში პარასკევს განაახლებენ - ამის შესახებ ირანელმა და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა 2 თებერვალს სააგენტო Reuters-ს განუცხადეს.
რეგიონულმა დიპლომატმა Reuters-ს ასევე აცნობა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებიც, როგორებიცაა საუდის არაბეთი და ეგვიპტე.
აშშ-ის ავიამოიერიშემ ირანის დრონი ჩამოაგდო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის საზღვაო ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო ირანის დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში ამერიკის ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს მიუახლოვდა.
„ასოშიეიტედ პრესი“ ცენტრალური სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დრონი „აგრესიულად მიუახლოვდა“ ავიამზიდს „გაურკვეველი განზრახვით“ და „განაგრძობდა ფრენას გემის მიმართულებით, საერთაშორისო წყლებში მყოფი აშშ-ის ძალების მიერ დეესკალაციური ზომების მიღების მიუხედავად“.
“შაჰედ-139” ტიპის დრონი ჩამოაგდო ამერიკულმა F-35C-მ, რომელიც ირანის სანაპიროდან 500 მილზე მცურავ ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნიდან“ აფრინდა. აშშ-ის სარდლობის თანახმად, მომხდარისას არ დაშავებულა არცერთი ამერიკელი სამხედრო და არ დაზიანებულა ტექნიკა.
სარდლობა აცხადებს, რომ ირანის დრონის ჩამოგდებიდან რამდენიმე საათში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა - ირანის ძალებმა შეურაცხყვეს აშშ-ის დროშით მცურავი, ამერიკული ეკიპაჟით დაკომპლექტებული სავაჭრო ტანკერი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მიცურავდა: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალების ორი გემი და Mohajer-ის ტიპის დრონი მაღალი სიჩქარით მიუახლოვდნენ გემს და მათ ტანკერზე ასვლითა და მისი დაკავებით დაემუქრნენ. გავრცელებული ცნობებით, სავაჭრო ტანკერს უსაფრთხო ზონამდე ესკორტი გაუწია ამერიკულმა რაკეტების გამანადგურებელმა USS McFall-მა, გაერთიანებული სამეფოს საჰაერო და საზღვაო ძალების მხარდაჭერით.
უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ფოტოჟურნალისტ იალდა მოეირის სახლი დაარბიეს
ირანში მყოფმა დოკუმენტური ფილმების რეჟისორმა, მოჟგან ილანლუმ, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების მიერ ფოტოჟურნალისტ იალდა მოეირის სახლში ჩატარებული რეიდის შესახებ ისაუბრა.
4 თებერვალს Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა: „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის 10-მა თანამშრომელმა რეიდი მოაწყო ქალბატონი მოეირის სახლში დღეს, დილით, 8 საათზე“.
ილანლუს თქმით, მათ სახლი გაჩხრიკეს მაშინ, როდესაც მას „ეძინა და თან წაიღეს ყველა მისი ელექტრონული მოწყობილობა“.
გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოჟურნალისტს ასევე მოსთხოვეს გამოცხადდეს ქალაქ არდებილის პროკურატურაში.
HRW: ირანში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა „ღრმა კრიზისში აღმოჩნდა“
ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) განაცხადა, რომ ირანში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში აღმოჩნდა. ამის მიზეზად დასახელებულია ბოლო კვირებში ანტისამთავრობო მომიტინგეების მკვლელობები, მასობრივი და „თვითნებური დაპატიმრებები“, ასევე სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზრდა იმ „მასშტაბებამდე, რაც 1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული არ გვინახავს“.
თავის „2026 წლის მსოფლიო ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ“, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების პრაქტიკას მიმოიხილავს, HRW აღნიშნავს, რომ გასული წელი ხასიათდებოდა სიცოცხლის უფლების „ფართომასშტაბიანი და სისტემატური“ დარღვევებით. ამავდროულად, ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისი აღინიშნა „ხელისუფლების მხრიდან არაკანონიერი და სასიკვდილო ძალის გამოყენების კოორდინირებული ესკალაცია“. ეს ძალა მიმართული იყო იმ საპროტესტო აქციების ჩასახშობად, რომლებიც ცხოვრების პირობების გაუარესებამ გამოიწვია.
„დაუსჯელობისა და სისხლის ღვრის სპირალმა გამოიწვია სიკვდილით დასჯის ისეთი ტალღა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს 2025 წელს, ხოლო წელს კი - პროტესტის ყველაზე სასტიკი დარბევა, რასაც ათასობით მომიტინგისა და გამვლელის უპრეცედენტო მასობრივი მკვლელობა მოჰყვა“, - განაცხადა ბაჰარ საბამ, Human Rights Watch-ის ირანის მიმართულების უფროსმა მკვლევარმა. - „საერთაშორისო თანამეგობრობამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს პასუხისმგებლობის დაკისრების კონკრეტულ ზომებს ყველა არსებული გზით, მათ შორის უნივერსალური იურისდიქციის გამოყენებით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ“.
ფორუმი