ტრამპმა ჩინეთს სთხოვა პეკინში ვიზიტის გადადება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს სთხოვა, დაახლოებით ერთი თვით გადაიდოს პეკინში მისი ვიზიტი. ამის შესახებ თავად ტრამპმა უთხრა ჟურნალისტებს 16 მარტს, თეთრ სახლში.
„ომის გამო მინდა, რომ აქ ვიყო. ვგრძნობ, რომ აქ უნდა ვიყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
- აშშ ისრაელთან ერთად თებერვლის ბოლოდან აწარმოებს სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ.
- პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის მეთაურთან, სი ძინპინთან შესახვედრად პეკინში გამგზავრებას მარტის ბოლოს გეგმავდა.
16 მარტს დონალდ ტრამპმა მედიას ისიც უთხრა, რომ მას და სი ძინპინს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ და შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.
ირანის მედია იტყობინება, რომ დასტურდება ამ ქვეყნის უშიშროების უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის სიკვდილი
ირანის მედია აქვეყნებს უშიშროების უზენაესი საბჭოს სამდივნოს განცხადებას ალი ლარიჯანის სიკვდილის შესახებ.
საბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, მოკლულია მისი ვაჟი და მცველებიც.
ისრაელმა დღეს, 17 მარტს, ადრე განაცხადა, რომ ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია.
ალი ლარიჯანი ისლამურ რესპუბლიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.
17 მარტს ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებებმა, ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ გასულ ღამით ირანზე ისრაელის დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე ალი ლარიჯანი იყო.
ფორუმი