Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმიამ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე მიიტანა იერიში


აშშ-მა მოკავშირეებთან ერთად დარტყმები განახორციელა ტერორისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე სირიაში, 2026 წლის 11 იანვარი (საილუსტრაციო ფოტო)
აშშ-მა მოკავშირეებთან ერთად დარტყმები განახორციელა ტერორისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე სირიაში, 2026 წლის 11 იანვარი (საილუსტრაციო ფოტო)

აშშ-მა მოკავშირეებთან ერთად მასშტაბური დარტყმები განახორციელა ტერორისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე სირიაში - იუწყება აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დარტყმებზე ნებართვა 10 იანვარს გასცა. როგორც სარდლობის განცხადებაში ვკითხულობთ, იერიში განხორციელდა ფარგლებში ოპერაციისა "ქორის დარტყმა", რომელიც პასუხი იყო 13 დეკემბერს ჯიჰადისტთა მხრიდან თავდასხმაზე სირია-ამერიკის პატრულზე პალმირაში. იმ თავდასხმას ემსხვერპლა სამი ამერიკელი - ორი სამხედრო და ერთი თარჯიმანი, სამოქალაქო პირი.

აშშ-ის სარდლობა აცხადებს, რომ შაბათს განხორციელებული დარტყმების მიზანია ტერორიზმთან ბრძოლა და აშშ-ის და მისი მოკავშირეების სამხედროთა დაცვა რეგიონში. "ჩვენი შეტყობინება მკაფიო რჩება - თუ ჩვენს სამხედროებს ზიანს მიაყენებთ, ჩვენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გიპოვით და მოგკლავთ, როგორი ძალისხმევითაც უნდა ცდილობდეთ დაემალოთ სამართალს" - წერია განცხადებაში.

ოპერაციის ფარგლებში ამერიკელმა სამხედროებმა და მათმა მოკავშირეებმა გაუშვეს 90-ზე მეტი მაღალი სიზუსტის მოწყობილობა, 35-ზე მეტ სამიზნეზე. ოპერაციაში მონაწილეობდა 20-ზე მეტი თვითმფრინავი - იუწყება CBS News-ი. უცნობია კონკრეტულად სად განხორციელდა დარტყმები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის.

ტერორისტული ჯგუფი "ისლამური სახელმწიფო" 2019 წლამდე ნაწილობრივ აკონტროლებდა ერაყისა და სირიის ტერიტორიებს. დასავლეთის ქვეყნები მას შემდეგ განაგრძობენ რეგიონზე დაკვირვებას, რათა არ დაუშვან ამ ჯგუფის ხელახალი აღზევება. გაეროს მონაცემებით, ჯგუფი ამჟამად ხუთიდან შვიდ ათასამდე წევრს ითვლის ერაყსა და სირიაში.

2025 წლის ნოემბერში სირია შეუერთდა "ისლამურ სახელმწიფოსთან" მებრძოლ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც სირიასთან ერთად 90 წევრს მოიცავს და რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.

2025 წლის დეკემბერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა გამოაცხადა "შურისძიების ოპერაციის" დაწყება, რომლის ფარგლებშიც ამერიკის ძალებმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ათობით ობიექტზე მიიტანეს დარტყმები. 4 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განახორციელეს საჰაერო იერიში პალმირასთან ახლოს, "ისლამური სახელმწიფოს" იარაღის საწყობზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG