Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გაყინა ვენესუელის ნავთობის გაყიდვით მიღებული მოგება


აშშ-მა გაყინა ვენესუელის ნავთობის გაყიდვით მიღებული მოგება, 2026 წლის 11 იანვარი
აშშ-მა გაყინა ვენესუელის ნავთობის გაყიდვით მიღებული მოგება, 2026 წლის 11 იანვარი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც, თეთრი სახლის განმარტებით, აშშ-ის ხაზინაში ვენესუელის ნავთობით მიღებულ მოგებას იცავს იურიდიული პროცესებისგან, საიმისოდ, რომ ეს მოგება შენახული იყოს და მოხმარდეს "აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნებს". ბრძანება საგანგებო ნებართვის გარეშე ამ სახსრებთან მიმართებით ნებისმიერ ოპერაციას კრძალავს.

თეთრი სახლი განმარტავს, რომ მოგება ვენესუელის საკუთრებად რჩება და მას აშშ-ის ხელისუფლება განაგებს - ხოლო მისი დაცვა აუცილებელია საიმისოდ, რომ არ მოხდეს ამ სახსრების გატანა საჩივრებით, მაგალითად კრედიტორების, ან კერძო პირების მიერ.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ბრძანებას ხელი მოეწერა "ამერიკელი და ვენესუელელი ხალხების სასიკეთოდ" და მისი მიზანია აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებისა და საგარეო პოლიტიკის დაცვა, ასევე ვენესუელაში სტაბილურობის მიღწევის ძალისხმევის მხარდაჭერა.

ბრძანებას ხელი მოეწერა აშშ-ის მხრიდან ვენესუელის ნავთობის რესურსების კონტროლის გაძლიერებისთვის გატარებული ძალისხმევისა და ქვეყნის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების და მისი კარაკასიდან აშშ-ში იძულებით ჩაყვანის ფონზე.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, უკვე შემდეგ კვირაში გააუქმოს ვენესუელისთვის დამატებითი სანქციები - რათა გაადვილდეს ნავთობის გაყიდვა და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის ძალისხმევა. ბესენტი აპირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან განიხილოს მათი მონაწილეობის გეგმა ვენესუელის ეკონომიკის განახლების პროცესებში.

ამასთან, ტრამპი თავისი სოციალური ქსელით, Truth Social-ით წერს, რომ კუბა ვენესუელისგან ვეღარ მიიღებს ფულს და ნავთობს. ტრამპის თქმით, კუბა ამ სახსრების ხარჯზე არსებობდა და სანაცვლოდ ვენესუელის ორ დიქტატორს უსაფრთხოების სამსახურს უწევდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჰავანას მოუწოდა ვაშინგტონთან შეთანხმება გააფორმოს, "სანამ გვიანი არ არის".

ფორუმი

XS
SM
MD
LG