ირანის სახელმწიფო მედია სასამართლოზე დაყრდნობით წერს, რომ სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანის. ამის შესახებ ცნობას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სასამართლოს თანახმად, სოლტანის ბრალი ედება "ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასთან დაპირისპირებასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ აქტივობებში". ეს ბრალდება კი სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.
სოლტანი ამჟამად ქალაქ კარაჯის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.
ნორვეგიაში ბაზირებულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა Hengaw-მა, 26 წლის ერფან სოლტანის ოჯახზე დაყრდნობით 14 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის არ დაუსჯით სიკვდილით, მაგრამ „ხიფათი რჩება“.
მანამდე უფლებადამცველი ორგანიზაციები და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ირანში სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს აქციების მონაწილე ერფან სოლტანის, რომელსაც “ღვთის წინააღმდეგ ომში” ადანაშაულებდნენ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ FOX News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. ირანელი დიპლომატის სიტყვებით, მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა.
ირანში ორი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები, რის საბაბადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იქცა. უფლებადამცველმა ჯგუფმა 13 იანვარს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ირანში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 571-ს მიაღწია. HRANA-ს ინფორმაციით, დადასტურებულია 2 403 მომიტინგის, მთავრობასთან დაკავშირებული 147 პირის, 12 ბავშვისა და 9 შემთხვევითი გამვლელის სიკვდილი. ორგანიზაციამ ასევე დაადასტურა 18 434 პირის დაკავება, ტელევიზიით გადაცემული იძულებითი აღიარების 97 შემთხვევა და მძიმე დაზიანებების შესახებ მიღებული 1 134 შეტყობინება.
ფორუმი