Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი აშშ-ში საიმიგრაციო შეზღუდვებზე: ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოსთვის პოზიტიურად წარმოაჩენს აშშ-ის მიერ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებას შეეხება.

მან ამ საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს პარლამენტში უთხრა, რომ „ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში“.

„საუბარი არ არის ტურისტულ ვიზებზე, სხვა კატეგორიის ვიზებზე, საუბარია საიმიგრაციო ვიზებზე. ეს არის ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, თუ რა საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს მას“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მოხვდებოდა თუ არა საქართველო ამ 75 ქვეყნის ჩამონათვალში იმ შემთხვევაში, აშშ-ს მასთან სტრატეგიული პარტნიორობა რომ არ შეეჩერებინა.

„ტყუილია რასაც ამბობთ, თითქოს იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ეხება, ლამის ნახევარი დედამიწაა, სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს აშშ-სთან. სომხეთია ამ სიაში და სტრატეგიული პარტნიორობა აქვს.

გარწმუნებთ, ჩვენი პოლიტიკა არ განაპირობებს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას მიგრაციის საკითხში“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

გუშინ, 14 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ აშშ 75 ქვეყნისთვის აწესებს საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე შეზღუდვას. ამერიკულმა „ფოქს ნიუსმა“ კი გამოაქვეყნა ქვეყნების ჩამონათვალი, რომელშიც საქართველოც იყო. ეს დღეს, 15 იანვარს, დაადასტურა აშშ-ის საელჩომ.

75 ქვეყანაში ვიზის გაცემა შეჩერდება 21 იანვრიდან და გაგრძელდება მანამდე, სანამ დეპარტამენტი დაასრულებს სავიზო პროცედურების გადახედვას.

ამასთან, ინსტრუქციების მიხედვით, საკონსულოს წარმომადგენელს უარი უნდა განეცხადებინა ვიზის გაცემაზე მრავალი ფაქტორის, მათ შორის - ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, ინგლისურის ცოდნის, ფინანსური მდგომარეობისა და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების საჭიროების გათვალისწინებითაც კი. ასაკოვანი ან ჭარბწონიანი აპლიკანტებისთვისაც შესაძლოა ეთქვათ ვიზაზე უარი და მათთვისაც, ვისაც სახელმწიფო ფულადი დახმარება ან ინსტიტუციონალიზაცია გამოუყენებიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG