ეს ინფორმაცია მინისტრების სატელეფონო ზარის შემდეგ გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა.
„ამ საკითხზე ჯეიჰუნ ბაირამოვთან ორსაათიანი დისკუსია გვქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული მხარის ხედვა. ამის შესახებ პრეზიდენტი ერდოანიც ინფორმირებულია“, - განაცხადა მან დღეს, 15 იანვარს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ისიც, რომ ანკარას სურს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, ასევე სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება.
„აზერბაიჯანსა და თურქეთს, ასევე სომხეთს, ამისთვის საჭირო ნება აქვთ“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
13 იანვარს, სამშაბათის საღამოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმება“.
დოკუმენტით ირკვევა, რომ დაგეგმილია, შეიქმნას „TRIPP-ის განვითარების კომპანია“, მოკლედ - TDC, რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს.
ხაზგასმულია, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის „მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე“, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების „სრულ ნორმალიზაციაზე“, აშშ-ის ჩართულობაზე, რეგიონული თანამშრომლობასა და სტაბილურობაზე და სომხეთის ინსტიტუტების ეფექტურობაზე.
ფორუმი