ბრალის დამძიმების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
იმის გამო, რომ დაკავებულები არასრულწლოვნები არიან, საქმე დახურულ სხდომაზე განიხილება, ჟურნალისტებს მასალებზე წვდომა არ აქვთ. დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ამას ამტკიცებს საქმის მასალებიც, რომლებშიც მის წინააღმდეგ მტკიცებულება არ დევს.
მასალაში არასრულწლოვანი დემეტრე ჩიქოვანის სახელი და გვარი მისი დედის თანხმობით არის ნახსენები.
„გიგა ავალიანის დედა სამართალს ეძებს და როგორც კი ჩათვლის, რომ იპოვა, ის გაჩუმდება... [2025 წლის] 20 ოქტომბერს, როცა დემეტრე დააკავეს, იმ ოჯახს ჰქონდა აქცია დაანონსებული... ჩემი შვილი გადაუგდეს „ბარტყად“, რომ მის დედას აეღო განზრახვაზე ხელი და შიმშილობა არ დაეწყო“.
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დემეტრე ჩიქოვანს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სოფო ძნელაძე ამბობს, რომ ამით მის შვილს „ტყვიას ესვრიან“:
„მე ჩემი შვილის სიმართლეს შევაკვდები და დავანახებ პროკურატურას, რომ მართალი ბიჭის დედასაც შეუძლია სიკვდილი. ჩემს შვილს არ კლავენ?“
ბრალდებულის დედა 17 იანვარს პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას აანონსებს. ამბობს, რომ „თუ მსხვერპლი სჭირდებათ, ეს ვიქნები მე. დემეტრე არის უდანაშაულო“:
„მე მზად ვარ, რომ ჩემი სიცოცხლე მივიტანო და დავდო პროკურატურასთან. თავს დავიწვავ, პატიმრობა რომ მიუსაჯონ“.
დაკავებული არასრულწლოვანებისთვის ბრალდების დამძიმება და საქმისთვის ჯგუფური დანაშაულის ჩადენის კვალიფიკაციის მინიჭება, მოკლული გიგა ავალიანის ოჯახის მოთხოვნაა. ამ მიზეზით ისინი პროკურატურასთან არაერთხელ შეიკრიბნენ და გენერალური პროკურორის გადადგომაც მოითხოვეს.
- გამოძიების თანახმად, გასული წლის 1 ოქტომბერს 28 წლის გიგა ავალიანს თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს, 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.
- ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა - 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
- სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
- გიგა ავალიანმა 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
- სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი.
- ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის“ (დემეტრე ჩიქოვანის დედის ცნობით, სწორედ ამ სამ მოზარდს დაუმძიმეს ბრალდება).
- შსს განაგრძობს გამოძიებას ცალკე გამოყოფილ საქმეზე.
ფორუმი