“და ღმერთმა შექმნა ქალი”(1959, საფრანგეთი, რეჟისორი როჟე ვადიმი)
„ისე ვცხოვრობ, თითქოს ნებისმიერ წამს შემიძლია მოვკვდე".
ჟულიეტა (“და ღმერთმა შექმნა ქალი”)
გასულ კვირას სენ-ტროპეში, საფრანგეთის პატარა ზღვისპირა ქალაქში, ბრიჯიტ ბარდო უკანასკნელ გზაზე გააცილეს მათ, ვისაც იგი განსაკუთრებით უყვარდა - მირეი მატიემ, რომელმაც მეგობრისთვის ეკლესიაში იმღერა, ჟან-პოლ ბელმონდოს შვილმა პოლ-ალექსანდრემ (მამამისი ის იშვიათი კინოვარსკვლავი იყო, რომელთანაც ბრიჯიტს არ უჩხუბია) და, რა თქმა უნდა, მარი ლე-პენმა, საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა, რომელიც არასდროს მალავდა ბარდოსადმი აღფრთოვანებას. დაკრძალვაზე არ მიუწვევიათ არც საფრანგეთის პრეზიდენტი და არც კულტურის მინისტრი. ემანუელ მაკრონმა ბრიჯიტის ოჯახს შესთავაზა ისეთი სახის “ეროვნული დაკრძალვა”, როგორიც ჯონი ჰოლიდეისთვის და ჟან-პოლ ბელმონდოსთვის დაიდგა, მაგრამ ოჯახმა უარი თქვა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და მკაცრად შეზღუდა სტუმრების რაოდენობა. როგორც ამბობენ, ეს ბარდოს სურვილი იყო. მან წინასწარ იზრუნა თავის დასაფლავებაზე.
ბრიჯიტის ერთადერთი ვაჟი, ნიკოლა შარიე, ნორვეგიიდან ჩავიდა ოჯახთან ერთად. მან მამაც(ჟაკ შარიე) და დედაც ერთსა და იმავე წელს დაკარგა. ბრიჯიტი და ნიკოლა წლების განმავლობაში ერთმანეთს არ ნახულობდნენ, მაგრამ ბარდოს უკანასკნელმა ქმარმა, ბერნარ დ’ორმალმა, მაინც მოახერხა ორი ახლობელი ადამიანის შერიგება.
ბრიჯიტი სენ-ტროპეს სასაფლაოზე მშობლებთან და საყვარელ ბაბუასთან ერთად დაკრძალეს. სენ-ტროპე და ბრიჯიტ ბარდოს სახე ერთ მთლიანობად აღიქმებოდა ხალხში მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა როჟე ვადიმის “და ღმერთმა შექმნა ქალი”, რომელმაც ბრიჯიტ ბარდო არა მარტო ფრანგული, არამედ მსოფლიო კინოს ვარსკვლავი გახადა. სწორედ ამ ფილმით გაერთიანდნენ ბრიჯიტ ბარდოს მიერ შექმნილი ეკრანული სახეები და მსახიობის ბიოგრაფია, მისი პირადი ცხოვრება - კიდევ უფრო “კინემატოგრაფიული”, ვიდრე ის პერსონაჟები, რომლებიც ბარდომ ეკრანისთვის შექმნა. შეიძლება ამიტომაც დაანება კინოში გადაღებას თავი 1973 წელს და მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ცხოველების დაცვას მიუძღვნა. მოახერხა და თავისი ბიოგრაფია კინოდ აქცია. როჟე ვადიმმა მისი გადაწყვეტილება ძალიან მოკლედ დაახასიათა: “მან უბრალოდ შეცვალა პლუშის სათამაშოები ნამდვილი ცხოველებით“...
როჟე ვადიმი, ალბათ, ყველაზე კარგად იცნობდა ფრანგული კინოს სექსსიმბოლოს, რომელსაც შემოკლებით „ბ.ბ.“ დაარქვეს. 22 წლის ბარდოსთან მისი რომანი ფილმის გადაღებამდე დაიწყო და გადაღების დროს დასრულდა. მოგვიანებით, თავის წიგნში ვადიმი გაიხსენებს, რაოდენ „თავხედურად ღალატობდა“ ბ.ბ. ფილმის გადაღების დროს ჟან-ლუი ტრენტინიანთან, რომლისთვისაც ვადიმის ფილმში განსახიერებული როლი დებიუტია დიდ კინოში. „როცა აღმოვაჩინე, რომ ტრენტინიანთან ჩემს საკუთარ საწოლში მღალატობდა, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, რომ მისი თავგასულობა ყველა საზღვარს სცილდება“.
არადა, „საზღვრის გადალახვა“ სწორედ ისაა, რასაც ეძღვნება „და ღმერთმა შექმნა ქალი“. ესთეტი ფრანგისთვის დასრულებული (საზღვრებში მოქცეული) ფორმა, მაშინაც კი, როცა სიგიჟეს გამოხატავს, წმინდათა წმინდაა. ამიტომაც არ მიიღო საფრანგეთმა როჟე ვადიმის ფილმი, რომელიც პრემიერის შემდეგ ჩავარდა კინოგაქირავებაში. სამაგიეროდ, „და ღმერთმა შექმნა ქალი“ ტრიუმფით უჩვენეს ამერიკაში. ბრიჯიტ ბარდოს გმირმა, ჟულიეტამ, ფაქტობრივად “დედოფლის ტახტიდან” ჩამოაგდო მერლინ მონრო და ბ.ბ. წარმოადგინა, როგორც „ყველაზე სექსუალური ქალი მსოფლიოში“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპელმა მსახიობმა მსოფლიო აღიარებას ჰოლივუდის სტუდიებთან კონტაქტის გარეშე მიაღწია. სხვებმა - ინგრიდ ბერგმანმა, გრეტა გარბომ, მარლენ დიტრიხმა, სოფია ლორენმა - ეს ვერ შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ნიჭიერები იყვნენ ბრიჯიტ ბარდოზე.
ბევრად ნიჭიერები, მაგრამ ბრიჯიტივით თავისუფლები ნამდვილად არა. კინოში მოსვლისთანავე პროდიუსერებმა ურჩიეს, კბილები მოეწესრიგებინა. ბარდომ არ დაუჯერა, თითქოს უკვე იმხანად იცოდა, რომ „უსწორმასწორო“ კბილები და ყოველთვის აჩეჩილი თმა მისი ბუნების ნაწილია... და ისიც იცოდა, რომ კაცებს მასში არა მარტო ლამაზი სხეული, არამედ მისი მოუხელთებელი ხასიათიც იზიდავთ. შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ დაუმორჩილებელი გოგოს მოთვინიერების ვნება იმ პატრიარქალური სისტემის საფუძველია, რომელსაც როჟე ვადიმმა ნიღაბი მოხსნა თავის ერთი შეხედვით სრულიად უპრეტენზიო, ცოტა არ იყოს, სულელურ ფილმში.
„და ღმერთმა შექმნა ქალი“ თითქოს მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ ვადიმს თავისუფლებისკენ ბრიჯიტ ბარდოს ეს სწრაფვა გამოეხატა. ფრანსუა ტრიუფო, როგორც მეამბოხე და ნოვატორული „ახალი ტალღის“ ლიდერი, მართალია, როჟე ვადიმის „პოპ-კულტურულ“ ესთეტიკას არ იზიარებდა, მაინც აღიარებდა, რომ „და ღმერთმა შექმნა ქალი“ პირველი ფილმია ფრანგული კინოს ისტორიაში, რომელშიც ქალი “ურიგდება” თავის სხეულს, გამოხატავს თავის ხორციელ სურვილებს და საჯაროდ აცხადებს თავისი ემანსიპაციის შესახებ. ვადიმმა გადაიღო მზით სავსე, უაღრესად “ცხელი” კადრები და ყველანაირი ნიღაბი მოხსნა ქალს, რაც, ცხადია, შოკის ეფექტი იქნებოდა ჯერ კიდევ საკმაოდ პატრიარქალურ ფრანგულ საზოგადოებაში. ეს მიუხედავად ფილმის სექსისტური ფინალისა, რომელსაც თავად როჟე ვადიმი აფასებდა, როგორც კომპრომისს, როგორც “დათმობას. თუმცა ფინალი, ჩემი აზრით, სრულიად ორგანულია როჟე ვადიმის კინობურლესკისთვის. ფილმის ციტირებას თუ მივმართავთ, ბრიჯიტი აქ „პატარა, ველური მხეცია“, რომელიც „უნდა დაიმორჩილო“(!), თუკი მართლა კაცი ხარ... როგორ უნდა დაიმორჩილო? „ერთი-ორი წაარტყა?“ „უნდა შემოჰკრა?“... თუკი გვჯერა, რომ „ღმერთმა შექმნა ქალი“, მაშინ ღმერთი უნდა განიხილებოდეს მამაკაცად, რომელიც ახალგაზრდა, ლამაზ და თავხედ გოგონებს უსაქციელობის გამო სჯის.
და თუკი „ჭირვეულის მორჯულება“ მეტ-ნაკლებად არის როჟე ვადიმის ფილმის დრამატურგიული ხაზი, სიცოცხლეში ვერავინ ახერხებს ბრიჯიტის მორჯულებას. თუკი როჟე ვადიმის ფილმის გმირს ორად ორი პერსპექტივა აქვს ცხოვრებაში - ან კათოლიკური ეკლესია, ანდა გათხოვება - ბ.ბ.-ს დამორჩილება თითქმის შეუძლებელი ხდება. ამიტომაც ჩნდება ამდენი მამაკაცი მის ცხოვრებაში... თუმცა ჩნდებიან და მალევე ქრებიან.
სიმონა დი ბოვუარი პირველი იყო, ვინც სერიოზულად გამოიკვლია ბ.ბ.-ს ფენომენი თავის შესანიშნავ ესეიში „ბრიჯიტ ბარდო და ლოლიტას სინდრომი“. თანაც, სწორედ როჟე ვადიმის ფილმის მაგალითზე. თუკი „და ღმერთმა შექმნა ქალის“ ერთი პერსონაჟი ჯულიეტას ასე ახასიათებს: „მისი უკანალი მღერის“, სიმონა დი ბოვუარი ფაქტობრივად იმავეს იმეორებს, უბრალოდ, სხვა სიტყვებით, უფრო დახვეწილად: „წმინდანი მიჰყიდდა სულს ეშმაკს, ოღონდაც მისი ცეკვა ენახა“. თუკი ბრიჯიტ ბარდოს ბიოგრაფიას მხოლოდ ყვითელი პრესით იცნობთ, უთუოდ გაგაკვირვებთ ასეთი შეფასებები ეგზისტენციალური ფემინიზმის ერთ-ერთი შემქმნელისგან: „ქალების ისტორიის ლოკომოტივი“, „მისი ტუჩები შექმნილია კოცნისთვის“ და სხვა... თუკი მხოლოდ ის იცით, რომ ბრიჯიტი ლე პენთან დაქალობდა, რასისტულ და ჰომოფობიურ განცხადებებს არ ერიდებოდა, გაოცდებით, როცა შეიტყობთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ მის ფენომენს ევროპელი ფემინისტები. შვილის მიმართ მის დამოკიდებულებას იმით ხსნიდნენ, რომ „ყველა ქალი არ არის დაბადებული დედობისთვის”, ხოლო მის ვულგარულობას და არაეთიკურ განცხადებებს პროტესტის ვნებით ამართლებდნენ. “საზოგადოებაში, რომელსაც სულიერებაზე აქვს პრეტენზია, ბრიჯიტ ბარდო შემოიჭრა, როგორც რაღაც ძალიან ხორციელი და ძალიან პროზაული“, - წერდა სიმონა დე ბოვუარი.
ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ნათელია - ბრიჯიტმა იცოდა, როდის უნდა დაეტოვებინა კინოინდუსტრია, იცოდა, რომ უნდა წასულიყო, სანამ უმნიშვნელო, „უსარგებლო“ გახდებოდა. კი, მისი სხეული სრულიად თავისუფალი იყო. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მისი გონებაც თავისუფალი იყო, რადგანაც არასდროს შეუწყვეტია ბრძოლა იმისთვის, რაც თავად მიაჩნდა მნიშვნელოვნად, არსებითად. მაშინაც კი, როცა ეს ბრძოლა დროის დიქტატს და აღიარებულ სოციალურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.
ბარდოს გარდაცვალების შემდეგ ფილმის ნახვის მოთხოვნილება იმდენად გაიზარდა, რომ საავტორო უფლებების მფლობელებმა იუტუბის არხს წააშლევინეს ფილმის ორიგინალური ვერსია, თუმცა ჯერჯერობით დარჩა ესპანური ვერსია.
რუსულად დუბლირებული ვერსია, რომელსაც დახურულ სეანსებზე უჩვენებდნენ საბჭოთა კავშირში:
ფორუმი