Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი პირი დააკავეს ფოთელი მასწავლებლის „პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს“ საქმეზე - ადვოკატი


იგორ კეკელია და მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი
იგორ კეკელია და მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს ფოთის N15 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების გათავისუფლებული პედაგოგის, იგორ კეკელიას, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების საქმეზე.

„პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდგომ, პედაგოგის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი“, - იუწყება ადვოკატი, რომელიც პედაგოგის ინტერესებს იცავს.

მისი თქმითვე, იგორ კეკელიას „მუქარის განხორციელების ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა“.

„დაზარალებული პედაგოგი გამოთქვამს სურვილს, რომ საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა არ შეეფარდოს. სავარაუდოდ, იგი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება“, - წერს მიგინეიშვილი ფეისბუკზე.

მისი ცნობით, მუხლი, რასაც დაკავებულს ედავებიან, პატიმრობასაც ითვალისწინებს.

„გრძელდება საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა დანაშაულებრივ ქმედებებზე სათანადო რეაგირების მიზნით“, - წერს ადვოკატი.

„სამართალი ურმით დადის, მაგრამ ხომ დადის?!“ - ასე გამოეხმაურა თავად კეკელია ამ ამბავს.

  • კეკელია სკოლიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ინტერნეტში სავარაუდოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
  • ის ამბობს, რომ კადრები არ უნახავს, აცხადებს, რომ სურს, დადგინდეს, ვინ და რა კადრები გაავრცელა და ითხოვდა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას;
  • მისი მოთხოვნაა, სკოლის სამეურვეო საბჭომ გააუქმოს დირექტორის ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
  • კადრების სავარაუდო გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, 6 დეკემბერს, კეკელია ამბობს, რომ უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG