ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკავებული ტანკერები ან აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო, ან იყო ნაწილი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისა, რომლის ხომალდებიც თავიანთ წარმომავლობას ნიღბავენ, რათა ნავთობი გადაზიდონ სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან - ირანიდან, რუსეთიდან, ვენესუელიდან.
ქართველი მეზღვაურები Veronica-ს გარდა, აღმოჩნდნენ 7 იანვარს ატლანტის ოკეანეში დაკავებულ ტანკერ BELLA 1-ზეც [Marinera] - ამ შემთხვევაში გემის კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე იყო. ეკიპაჟის წევრებს შორის მის გარდა იყო კიდევ 5 ქართველი მეზღვაური. ამ გემის კაპიტანი, რადიო თავისუფლების ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთის მოქალაქეა.
მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტანკერი Veronica, ისევე როგორც რამდენიმე დღით ადრე დაკავებული Marinera Bella 1 [Marinera], ეკუთვნის კომპანია „ბურევესტმარინს", რომელიც რუსეთის ქალაქ რიაზანში ნახევარი წლის წინ არის დარეგისტრირებული. კომპანიის მფლობელია ილია ბუგაი - რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან, რომელიც ახლა მოსკოვში ცხოვრობს. ილია ბუგაი ასევე კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორია. ეს კომპანია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს, მათ შორის, ტანკერებით.
რადიო თავისუფლებამ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში იკითხა, თუ აქვთ ინფორმაცია დაკავებული მეზღვაურების შესახებ და თუ კი, ამ შემთხვევაში რა იციან მათ შესახებ. ორივე უწყებამ გვითხრა, რომ "მოიკითხავენ" - მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფორუმი