დღეს, 21 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათისთვის, ახალგაზრდა კაცი ავტომობილით დაეჯახა თბილისის ცენტრში მდებარე სკოლის რკინის ჯებირს, შემდეგ კი გაქცევა სცადა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სკოლასთან ბავშვები იმყოფებოდნენ.
51-ე სკოლასთან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კაცი, რომელსაც ორივე ხელში დანა ეჭირა, წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. პოლიციის მიახლოებისას მან რამდენჯერმე მოიქნია დანა. იმ მომენტში, როცა რამდენიმე წამით გვერდით გაიხედა, პოლიციამ მას სპეციალური საშუალება (ქაფი) შეასხა, რამაც მას მხედველობა შეუზღუდა. ამ დროს კაცს ფეხი ყინულით დაფარულ ტროტუარზე აუსრიალდა და წაიქცა, სწორედ მაშინ დაიწყეს მისი დაკავება.
პოლიციამ მის გასანეიტრალებლად ხელკეტები გამოიყენა. ბორკილდადებული კაცი საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - პოლიციელზე თავდასხმა ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით.
ფორუმი