„არის უიმედობა, სასოწარკვეთილება, მაგრამ მე მოვედი, რომ გითხრათ - იმედი არის და თავისუფლება, ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა. რეჟიმი იზოლირებულია არა მხოლოდ ცივილიზებული სამყაროსგან და ჩვენი მეზობლებისგან, არამედ ოკუპანტი რუსეთისგანაც კი“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე განიხილება, სადაც მიხეილ სააკაშვილს ბრალდებულის სტატუსი აქვს. იმავე სასამართლომ მას ჯამში 12,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომლის ათვლაც მისი დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა ოთხ საქმეზე აქვს მისჯილი:
- მის წინააღმდეგ პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს დადგა - თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე (მსჯავრდადებული პირების შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით;
- 2018 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს 2005 წელს თავს დაესხნენ და სცემეს. სწორედ ამ საქმეში, სააკაშვილს ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა ბრალი;
- 2025 წლის 12 მარტს მას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს;
- ბოლო განაჩენი 2025 წლის 17 მარტს დადგა. ის საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთისთვის დამნაშავედ ცნეს და ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. იმის გამო, რომ ქართულ სასამართლოებს მიხეილ სააკაშვილისთვის ჯამში 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში 12 წელი და 6 თვე უნდა გაატაროს.
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოდან წასული მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის პოლიციამ არჩევნების წინა დღეს 1 ოქტომბერს დააკავა. სააკაშვილმა იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა.
ჯანმრთელობის დამძიმების გამო 2021 წლის 20 ნოემბერს ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 40 დღეში კი უკან, რუსთავის ციხეში დააბრუნეს. მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებდნენ, რომ აუცილებელი იყო, სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, რასაც ხელისუფლება არ დათანხმდა.
რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 12 მაისს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, ორი წლის გასვლის შემდეგ, 2025 წლის 12 ნოემბერს კი ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. კლინიკაში ყოფნის დროს ის სასამართლო სხდომებზე დისტანციურად ერთვებოდა.
ფორუმი