როგორც დემონსტრანტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ გამოაცხადა. 38 წლის კაპანაძე 2021-25 წლებში ოზურგეთის მოსამართლე იყო, 2025 წლის ნოემბრიდან კი თბილისში გადმოიყვანეს.
დუმბაძის სასამართლო ხუთშაბათს, 22 იანვარს, ჩატარდა - როგორც დემონსტრანტი იუწყება, მოსამართლე „სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა“.
მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა სამართალდარღვევას 2025 წლის 17 დეკემბერს.
დუმბაძის თანახმადვე, თბილისის საქალაქო სასამართლოდან 14 იანვარს აცნობეს, რომ იბარებდნენ 17 დეკემბერს ტროტუარის „გადაკეტვის“ გამო.
- ახალი კანონით, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციირებულია და სადავო პარლამენტმა 10 დეკემბერს მიიღო, მოქალაქეებს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ, თუკი „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციას 5 დღით ადრე არ გააფრთხილებენ.
- საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
- მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
დუმბაძე სასამართლოს წარსულშიც ჰყავს დაჯარიმებული. 2025 წლის 21 ნოემბერს მოსამართლე გენადი მაკარიძემ იგი 5000 ლარით დააჯარიმა „პოლიციის დაუმორჩილებლობის“ მოტივით - მათე დევიძის მხარდამჭერი მსვლელობის შემდეგ.
ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. თუმცა სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ ჰყავდა გამოცხადებული.
სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.
ფორუმი