უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის დელეგაციაში, რომელიც 23 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიემგზავრება რუსეთsa და შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის, ხუთი ადამიანია: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.
„ეს იქნება პირველი სამმხრივი შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ის, სავარაუდოდ, ორ დღეს გაგრძელდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
22 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართებოდა რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები „ტექნიკურ დონეზე“.
„რუსები კომპრომისზე წასასვლელად მზად უნდა იყვნენ. ყველა მზად უნდა იყოს, არა მხოლოდ უკრაინა. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს“, - დასძინა მან.
23 იანვარს, გამთენიისას დასრულდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების ცნობით, შეხვედრა დაახლოებით 3,5 საათს გაგრძელდა.
შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა, რომლის თქმითაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები, 23 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართება. უშაკოვმა ასევე დასძინა, რომ რუსული დელეგაციის შემადგენლობა უკვე ჩამოყალიბებულია და მას პუტინისგან „კონკრეტული ინსტრუქციები“ აქვს მიღებული. მისი თქმით, რუსეთის დელეგაციაში შედის „თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა”, დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) უფროსის, იგორ კოსტიუკოვის მეთაურობით.
ფორუმი