Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია: აშშ-ის წარმომადგენლები წარმატებულად მიიჩნევენ აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრას


მედია: აშშ-ის წარმომადგენლები წარმატებულად მიიჩნევენ აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრას
მედია: აშშ-ის წარმომადგენლები წარმატებულად მიიჩნევენ აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრას

აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი შესაძლოა 1 თებერვალს გაიმართოს აბუ-დაბიში - წერს გამოცემა Axios-ი, ანონიმურად დატოვებულ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. დასავლეთის და უკრაინის სხვა მედიასაშუალებები, ასევე რუსეთის სააგენტო ტასსი აღნიშნავდნენ, რომ 23-24 იანვრის მოლაპარაკების მონაწილეები მომდევნო რაუნდის თაობაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ის ოფიციალური პირები, რომლებსაც Axios-ი ციტირებს, მიიჩნევენ, რომ რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების აბუ-დაბიში შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპისთვის. გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რომ მხარეებმა, მათ შორის, განიხილეს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა და "ასეთ შეხვედრასთან ახლოს არიან". ამ პირის თქმით, ამ შეხვედრის წინაპირობად შესაძლოა გადაიქცეს მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდის წარმატება.

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ მოსკოვში 22 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა ომის დიპლომატიური მეთოდებით დასასრულებლად და ამის გამოხატულებაა ის, რომ რუსეთმა აბუ-დაბიში მიავლინა "სერიოზული" დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი. შეხვედრაზე უკრაინაც მაღალი რანგის პირებით იყო წარმოდგენილი - დელეგაციას მეთაურობდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი. აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში იყო ევროპაში აშშ-ის ძალების სარდალი, ალექსუს გრინკევიჩი.

მოლაპარაკება გაიმართა დახურულ კარს მიღმა, შინაარსის შესახებ დეტალები ოფიციალურად არ გავრცელებულა. თუმცა Axios-ს, Politico-ს და სხვა მედიასაშუალებებს გარკვეული ინფორმაცია წყაროებმა მიაწოდეს.

მაგალითად, გამოცემა rbc წერს, რომ რუსეთი უწინდელივით აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უნდა გავიდნენ დონეცკის ოლქის არაოკუპირებული ნაწილებიდან, რასაც უკრაინა არ თანხმდება. მოლაპარაკებას ამ საკითხზე გარღვევა არ მოუტანია.

თუმცა მხარეებმა წინ წაიწიეს იმ შესაძლო მოქმედებების განხილვაში, რომლებიც მოჰყვება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. წყაროთა ცნობით, განიხილებოდა სამხედროების შესაძლო უკანდახევა, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სადამკვირვებლო მექანიზმები და სხვა.

Politico-ის მონაცემებით, განიხილებოდა ეკონომიკაც, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბედი.

Reuters-ი и Axios-ი წერენ, რომ სამმხრივი მოლაპარაკების პარალელურად რუსეთის და უკრაინის დელეგაციებმა აბუ-დაბიში ორმხრივი შეხვედრაც ჩაატარეს.

მხარეები უკვე თითქმის წელიწადია განიხილავენ აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივებს, იმ ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს დარტყმებს უკრაინაზე. აშშ-ის წარმომადგენლები ამჟამად აცხადებენ, რომ მოლაპარაკება წარმატებასთან ახლოსაა. თუმცა რუსეთი ოფიციალურად კვლავ იმ მოთხოვნებზე ლაპარაკობს, რომლებსაც უკრაინამ მიუღებელი უწოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG