Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრასნოდარის მხარეზე დრონებით შეტევის სამიზნე სავარაუდოდ, ისევ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო


ფოტო არქივიდან. რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
ფოტო არქივიდან. რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

26 იანვარს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის სლავიანსკის რაიონში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ ქალაქ ყუბანის სლავიანსკში „უპილოტო საფრენი აპარატების ფრაგმენტები ჩამოცვივდა ორი საწარმოს ტერიტორიაზე, დაშავდა ერთი ადამიანი“ და ხანძრები გაჩნდა.

შტაბს კონკრეტული საწარმოები არ დაუსახელებია. ტელეგრამ-არხი ASTRA ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი საწარმო, სადაც ხანძარია, ქალაქ ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

ეს ქალაქი კრასნოდარის მხარის სლავიანსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ყუბანის სლავიანსკში მდებარეობს კომპანია „სლავიანსკ ეკოს“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კომპანიის საიტის თანახმად, წელიწადში ოთხ მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. ამ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო 2025 წლის დეკემბერშიც.

განახლება: 26 იანვარს დღის მეორე ნახევარში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.

რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

თავის მხრივ, რუსეთის არმია განაგრძობს უკრაინის ენერგოობიექტების განადგურებას. უკრაინაში უმწვავესი ენერგოკრიზისია.




ფორუმი

XS
SM
MD
LG