Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში ადასტურებენ, რომ რუსეთი-აშშ-უკრაინის მოლაპარაკება მომავალ კვირაში გაგრძელდება


აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკების დაწყებამდე, 23 იანვარს დელეგაციებს უმასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა ალ ნაჰაიანმა(ცენტრში)
აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკების დაწყებამდე, 23 იანვარს დელეგაციებს უმასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა ალ ნაჰაიანმა(ცენტრში)

კრემლში ადასტურებენ, რომ რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის წარმომადგენლების მომდევნო, სამმხრივი შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება. ეს დღეს, 26 იანვარს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. ამასთან, მან კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.

უკრაინაში ომის დასრულების პირობების განსახილველად პირველი სამმხრივი შეხვედრა 23-24 იანვარს გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში.

კონსულტაციების ამ რაუნდის დასრულების შემდეგ სააგენტო Reuters-ი და გამოცემა Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა 1 თებერვალსაა დაგეგმილი.

აბუ-დაბიში უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას - გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი. ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარგზავნილი სტივენ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და არმიის მინისტრი დენიელ დრისკოლი.

უკრაინულმა მხარემ აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გამართულ მოლაპარაკებას „პოზიტიური“ და „კონსტრუქციული“ უწოდა.

გამოცემა Axios-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით 24 იანვარს დაწერა, რომ განხილული იყო რუსეთის პრეტენზია დონბასზე, დავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამო და დეესკალაციისთვის ორივე მხრიდან საჭირო ნაბიჯები, მოლაპარაკება „პროდუქტიული“ იყო, მხარეები ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ და არცერთი საკითხის განხილვას არ გაურბოდნენ. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, მოლაპარაკების მეორე დღის ბოლოს „რაღაც მომენტში ყველანი თითქმის მეგობრებივით გამოიყურებოდნენ“.

დღეს, 26 იანვარს კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როცა მოლაპარაკებებით რაიმეს მიღწევა გსურს, ერთმანეთთან კონსტრუქციული საუბარია საჭირო, მაგრამ მეგობრული ატმოსფერო „მოცემულ სტადიაზე ნაკლებად შესაძლებელია“.

პესკოვმა დღეს უარი თქვა ესაუბრა პირველ სამმხრივ შეხვედრაზე განხილულ კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა ისევ გაიმეორა, რომ რუსეთისთვის „ტერიტორიულ საკითხს პრინციპული მნიშვნელობა აქვს“.




ფორუმი

XS
SM
MD
LG