რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ახალი შეხვედრა 1 თებერვალს არის დაგეგმილი აბუ-დაბიში, განაცხადა ოთხშაბათს ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პესკოვმა მოლაპარაკებებს „მგრძნობიარე და ძალიან რთული“ უწოდა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კვირას გაგრძელდება.
23 და 24 იანვარს, ომის დაწყების შემდეგ პირველად, აბუ-დაბიში აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გაიმართა სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს ხელმძღვანელი, ხოლო უკრაინულ დელეგაციაში, ექსპერტების გარდა, შედიოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელები.
ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა 1 თებერვალს გაიმართოს, Axios-მა გაავრცელა ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შესაძლებლობა და რომ „ძალიან ახლოს არიან პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრასთან“.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია ჩავიდეს მოსკოვში, სადაც მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. ზელენსკიმ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან შესახვედრად, მაგრამ არა მოსკოვში.
ფორუმი