ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანს დააკისრა გამომძიებელი ჟურნალისტისათვის 12 000 ევროს გადახდა, ასევე სასამართლოს ხარჯების, 4 000 ევროს ანაზღაურება.
სასამართლომ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების, გამოხატვის თავისუფლების და სხვა რამდენიმე მუხლის დარღვევა.
ხადიჯა ისმაილი 2008-10 წლებში რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორი, მოგვიანებით კი, 2014 წლამდე, „ფრილანსერი“ იყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რადიოს მაუწყებლობის ლიცენზიას 2008 წელს გაუვიდა ვადა, ის არ იყო აკრედიტებული და მედიის საქმიანობა შესაბამისად იყო „უკანონო მეწარმეობა“, რის გამოც ისმაილოვა დააპატიმრეს კიდეც.
ასევე, წლების განმავლობაში დასაქმებულებისთვის გადახდილი ხელფასები ჩაუთვალეს, როგორც „უკანონო ბიზნესი“ და „უკანონო შემოსავლები“.
2014 წლის დეკემბერში მას შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, 2016 წელს კი სააპელაციო სასამართლომ ის პირობითი მსჯავრით გამოუშვა ციხიდან.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ:
- „უკანონო მეწარმეობის“ ბრალდება ხადიჯა ისმაილს არ მიესადაგებოდა;
- გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდება დაუსაბუთებელი იყო და ისმაილის არგუმენტები, - რასაც საფუძველი ჰქონდა, - არ იყო გათვალისწინებული;
- აზერბაიჯანის სასამართლოებმა მისი საქმე სათანადოდ არ განიხილეს და ვერ დაასაბუთეს მისი ბრალეულობა;
- განაჩენი არ იყო დასაბუთებული;
- სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ ბრალდებები პირდაპირ იყო დაკავშირებული მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჟურნალისტის მიერ გასაჩივრებულ ორ საქმეს 2016 და 2017 წლიდან განიხილავდა.
ხადიჯა ისმაილოვა, - 2010-იან წლების შუა პერიოდში უკვე რადიო თავისუფლების ყოფილი თანამშრომელი, - ხშირად აქვეყნებდა პუბლიკაციებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრების კორუფციულ საქმიანობაზე.
2012 წელს გამომძიებელმა ჟურნალისტმა მიიღო წერილი, რომელშიც საჯარო დამცირებით ემუქრებოდნენ, თუ არ შეწყვეტდა საგამოძიებო საქმიანობას.
წერილი შეიცავდა ისმაილოვას სახლში ფარული კამერით გადაღებული ვიდეოკადრებიდან დამზადებულ ფოტოებს, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ჟურნალისტისა და მისი შეყვარებულის სექსუალური აქტი.
თავად ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა მას შემდეგ, რაც ისმაილოვამ უარი თქვა კორუფციული საქმეების გარშემო საგამოძიებო რეპორტაჟების გამოქვეყნებაზე და საჯაროდ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებს შანტაჟის კამპანია.
მოგვიანებით ისმაილოვამ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინა დამონტაჟებული ფარული კამერა და სპეციალური მოწყობილობა გადაღებული ვიდეოს დისტანციური გავრცელებისათვის.
2019 წელს სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აზერბაიჯანს ამ საქმესთან დაკავშირებით 19 300 დოლარის გადახდა დააკისრა ჟურნალისტისათვის.
ფორუმი