Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანია აქებს აშშ-სთან გრენლანდიის შესახებ „ძალიან კონსტრუქციულ“ შეხვედრას

ლარს ლოკე რასმუსენი. 18 იანვარი, 2026 წელი
ლარს ლოკე რასმუსენი. 18 იანვარი, 2026 წელი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 29 იანვარს განაცხადა, რომ ის „უფრო ოპტიმისტურად“ არის განწყობილი მას შემდეგ, რაც გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ტექნიკური მოლაპარაკებები დაიწყო.

„გუშინ ვაშინგტონში გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გვქონდა მაღალი თანამდებობის პირების დონეზე“, - განუცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროკავშირის შეხვედრაზე.

შეხვედრა „კარგად წარიმართა ძალიან კონსტრუქციულ ატმოსფეროში და ახალი შეხვედრები იგეგმება. საქმე მოგვარებული არაა, - თქვა მინისტრმა, - მაგრამ კარგადაა”.

სამმხრივი მოლაპარაკებები მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას უკან დაიხია ევროკავშირისა და ნატოს წევრი დანიის ავტონომიური არქტიკული ტერიტორიის მიტაცების მუქარისგან.

„დიდი შემობრუნება იყო. საქმე ესკალაციამდე მივიდა, მაგრამ ახლა ისევ სწორ გზაზე ვართ, - თქვა რასმუსენმა, - დღეს ოდნავ უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე ერთი კვირის წინ“.

ამასობაში, დანიის სამეფო სახლმა ასევე გამოაცხადა, რომ მეფე ფრედერიკ X 18 თებერვალს გრენლანდიაში გაემგზავრება, რათა კუნძულის მაცხოვრებლებს თავისი „შეშფოთება“ გაუზიაროს.

ტრამპმა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სურვილისგან უკან დაიხია მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ნატოს მეთაურ მარკ რიუტესთან „ჩარჩო“ შეთანხმებას მიაღწია, ამერიკული გავლენის გაზრდის მიზნით.

თუმცა, ჩანს, კონკრეტულად მცირე დეტალებია შეთანხმებული - დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებები უარს ამბობენ სუვერენიტეტის გადაცემის განხილვაზე.

ვაშინგტონთან კომპრომისის ფარგლებში, ნატოს წევრები არქტიკაში გააქტიურებას გეგმავენ. დანიასა და გრენლანდიას შეუძლიათ ხელახლა მოლაპარაკება 1951 წლის ხელშეკრულებაზე აშშ-ის ჯარების განლაგების შესახებ.

ლუიზიანის გუბერნატორმა ჯეფ ლენდრიმ, რომელიც დეკემბერში გრენლანდიაში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ დეტალები „მუშაობის პროცესშია“.

„ეს გააფართოებს ამერიკის მოქმედების თავისუფლებას, მხარს დაუჭერს ახალ ბაზებსა და ინფრასტრუქტურას, ხელს შეუწყობს ისეთი მოწინავე სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგებას, როგორიცაა „ოქროს გუმბათი“ და გამორიცხავს მტრულად განწყობილ ჩინურ და რუსულ გავლენას“, - განმარტავს ის.

ლენდრიმ აღნიშნა, რომ „რეალობა ისაა, რომ არცერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოების ჯგუფს არ შეუძლია გრენლანდიის დაცვა შეერთებული შტატების გარეშე“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG