აქციის მონაწილეები გამოდიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაანონსებული გეგმის წინააღმდეგ, გააერთიანონ თსუ და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი.
თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ ორივე უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, პროევროპული აქციების მონაწილეები. მათ მოითხოვეს თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა.
დემონსტრანტებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, არ უგულებელყონ სტუდენტებისა და ლექტორების ნება და უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ ინიციატივა გაიწვიონ.
„1918 წელს ეს უნივერსიტეტი შეიქმნა დამოუკიდებლობის იდეით და საბჭოთა რეჟიმში მძიმე პერიოდის გამოვლის მიუხედავად, ამ იდეას უნივერსიტეტი არ თმობდა - ამ დრომდე“, - განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ქეთევან ხუსკივაძემ.
„არ შეიძლება ხელოვნურად ორი უნივერსიტეტი ასე შეაერთო, - თან როდესაც თსუ იყო მშობელი ტექნიკური უნივერსიტეტისა“, - თქვა მან.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ჯაბა სამუშიას, დააფიქსიროს ამ გეგმის მიმართ წინააღმდეგობა.
როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების რეპორტიორი იუწყება, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო თითქმის სავსეა.
დაახლოებით 21:15 საათზე აქციის მონაწილეები სტუ-სთან წავიდნენ, სადაც, მათი ცნობით, სტუ-ს სტუდენტები მართავენ საპროტესტო აქციას.
ისინი ვარაზისხევზე ტროტუარის გამოყენებით მიემართებიან ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსისკენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მსვლელობა მათთან შეთანხმებით იმართება.
ვარაზისხევიდან დემონსტრანტებმა ესტაკადის გამოყენებით გააგრძელეს გზა.
21:32 საათისთვის ისინი მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ და ზოლების ნაწილი დაიკავეს. პოლიცია მათთან ერთად გადაადგილდება.
„ავტონომია უნივერსიტეტს“ - სკანდირებენ დემონსტრანტები.
დაახლოებით 21:45 საათისთვის, ისინი სტუ-ს მეექვსე კორპუსთან მივიდნენ და სიტყვით გამოსვლები იქ გააგრძელეს.
- „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამის შესახებ მან დღეს დილას, 29 იანვარს, ბრიფინგზე განაცხადა.
- ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა დღეს დილით ტელეეთერებიდან, გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს, რომ 100-წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი გახდება.
- რექტორი დავით გურგენიძე ამბობს, რომ ეს ამბავი წინა დღით გაიგო.
უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური მიზანი“, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.
რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას. უნივერსიტეტებიდან კრიტიკულ პოზიციას გამოხატავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ფორუმი