Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექნიკურ უნივერსიტეტს თსუ-სთან აერთიანებენ

გადაწყვეტილების შესახებ გივი მიქანაძემ ისაუბრა.
გადაწყვეტილების შესახებ გივი მიქანაძემ ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.

ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ე.წ. გარდამავალ პერიოდში „შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო - და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს“.

გივი მიქანაძემ თქვა, რომ ამით არ შემცირდება სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა.

უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური მიზანი“, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.

„ქართული ოცნების“ მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.

რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას. უნივერსიტეტებიდან კრიტიკულ პოზიციას გამოხატავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG