„მე მჯერა, რომ სომხეთმა უნდა შემოიღოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რაც შექმნის ორგანულ და ძალიან პირდაპირ კავშირს სასამართლო სისტემასა და საზოგადოებას შორის“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის ხელისუფლება ამ საკითხს 2025 წლის დასაწყისიდან განიხილავს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვას ესაჭიროება სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებები, - რასაც სომხეთის ხელისუფლება 2026 წლისთვის განიხილავს.
„პატარა ქვეყანა“
ფაშინიანმა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების შესახებ ინიციატივა პირველად 2025 წლის 15 აპრილს წამოაყენა.
მან განაცხადა, რომ იცის იდეის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები, რომ „სომხეთი პატარა ქვეყანაა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ გაამართლებს, რადგან ყველა ყველას იცნობს“.
თუმცა, მისი თქმით, იგივე შეიძლება ითქვას მოსამართლეებზე, გამომძიებლებსა და სხვა სამართალდამცავებზე.
„თუ გამომძიებლებს, მოსამართლეებს ან პროკურორებს ვენდობით, რომ იქნებიან კანონმორჩილები და სამართლიანები, ასევე შეგვიძლია ვენდოთ სხვებსაც, იყვნენ ნაფიცი მსაჯულები“, - განაცხადა მან მაშინ.
„ასეთ შემთხვევაში, - თქვა ფაშინიანმა, - სამართალი, - რაც უნდა იყოს ის, - არ იქნება ხალხისგან მოწყვეტილი. სამართალი ისეთივე სამართლიანი იქნება, როგორც ხალხი, ხოლო ხალხი უფრო სამართლიანია, ვიდრე ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი, ნებისმიერი მინისტრი, კანონმდებელი, მოსამართლე, პროკურორი ან პოლიციელი“.
საკონსტიტუციო ცვლილებები
„ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში“, - თქვა ფაშინიანმა 29 იანვარს.
2026 წლის 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება - კენჭისყრის შედეგად უნდა დაკომპლექტდეს 101-წევრიანი პარლამენტი.
- ფაშინიანი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს, გამარჯვების შემთხვევაში „სომხეთის მეოთხე რესპუბლიკის დაარსებას“ განიხილავს;
- ამისთვის კი, მისი თქმით, კონსტიტუციის ცვლილებაა საჭირო. ფაშინიანი გეგმავს რეფერენდუმს კონსტიტუციის შეცვლის მიზნით - არჩევნების შემდეგ.
მისი თქმით, სტრატეგია ეფუძნება „ნამდვილი სომხეთის“ კონცეფციას - სომხეთსა და მის ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„მოუყევით მოსწავლეებსა და სტუდენტებს ნამდვილი სომხეთის შესახებ“, - დაწერა ფაშინიანმა 29 იანვარს და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ესაუბრება იგი ახალგაზრდებს.
- აზერბაიჯანი სომხეთთან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ აწერს, სანამ ქვეყანა კონსტიტუციას არ შეიცვლის.
- სომხეთის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციას ბაქოს მოთხოვნის საფუძველზე არ ცვლის და ეს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლიდან არსებობს - ის სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში დაინერგა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე, სულ განიხილეს 46 სისხლის სამართლის საქმე 59 პირის მიმართ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები შექმნილია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის სასამართლოებში.
ფორუმი