ნაწილობრივი საბიუჯეტო "შატდაუნი" დაიწყო რამდენიმე საათში მას მერე, რაც სენატმა შეათანხმა საკვანძო უწყებების სექტემბრის ბოლომდე დაფინანსების კანონპროექტთა პაკეტი. დოკუმენტები ახლა უნდა დაამტკიცოს წარმომადგენელთა პალატამ, რომლის სხდომაც, როგორც მოელიან, ორშაბათს გაიმართება.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს, ხელისუფლების მუშაობის შეჩერება იყო შედეგი დემოკრატი სენატორების უარისა ხმა მიეცათ შიდა უსაფრთხოების სამინისტროს დაფინანსების კანონპროექტისთვის, იმ ფონზე, როცა ფედერალურმა აგენტებმა ორი ადამიანი მოკლეს მინეაპოლისში. დემოკრატები მოითხოვენ ამ კანონპროექტის გადაწერას და მასში უწყების თანამშრომლებისთვის ახალი შეზღუდვების გათვალისწინებას.
პარასკევს დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა კომპრომისს მიაღწიეს - სენატმა დაამტკიცა კანონპროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ფედერალური უწყებების უმეტესობის 30 სექტემბრამდე დაფინანსებას, მათ შორისაა პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები. შიდა უსაფრთხოების სამინისტრო პაკეტიდან ამოღებულ იქნა - ამ უწყების დაფინანსება ორი კვირით გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში კანონმდებლები გეგმავენ მოლაპარაკებების გამართვას ფედერალური აგენტებისთვის ახალი შეზღუდვების შემოღების თაობაზე.
ერთი წლის განმავლობაში ეს აშშ-ის ხელისუფლების მუშაობის უკვე მეორე შეჩერებაა. წინა "შატდაუნი", რომელიც გაგრძელდა 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე, იყო ყველაზე ხანგრძლივი ქვეყნის ისტორიაში. ის შეეხო 1.4 მილიონ ფედერალურ მუშაკს - "შატდაუნის" დროს ბევრი მათგანი უხელფასოდ მუშაობს, ან მათ უხელფასო შვებულებაში გზავნიან.
საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის (ICE) აგენტმა 7 იანვარს მინეაპოლისში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 37 წლის რენე გუდი, 24 იანვარს ამავე უწყების თანამშრომელმა ამავე ქალაქში მოკლა 37 წლის ალექს პრეტი. მინეაპოლისში და აშშ-ის სხვა ქალაქებში მიმდინარეობს აქციები, რომლებითაც აპროტესტებენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკასა და ფედერალური აგენტების ქმედებებს.
ფორუმი