RND მედიაჯგუფისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 21 იანვარს გამოქვეყნდა, პისტორიუსმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიპლომატიურ ძალისხმევას ენერგია შემატა, თუმცა აღნიშნა, რომ მოსკოვის ნაბიჯები სხვა ამბავს წარმოაჩენს.
"ჯერჯერობით ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს, რომ რუსეთს სერიოზულად სურს მშვიდობა" - თქვა პისტორიუსმა.
მხარეებს შორის გასულ შაბათ-კვირას აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებებისას პუტინმა უკრაინა დაბომბა ისეთი ინტენსივობით, "რომლის მსგავსიც თითქმის არ მომხდარა ამ ომის განმავლობაში" - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
პისტორიუსის თქმით, ასეთი დარტყმები სცდება სამხედრო მიზნებს - "ესაა ტერორი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობას მიემართება, ზამთარში, როცა ტემპერატურა მინუს 20 გრადუსს აღწევს".
პისტორიუსმა დასძინა, რომ პუტინს არანაირი ნება არ გამოუვლენია კომპრომისისთვის.
კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მილიონობით ადამიანი კვირების განმავლობაში იყო დარჩენილი სიბნელესა და სიცივეში, მას მერე, რაც რუსეთის დარტყმებმა მძიმედ დააზიანა ელექტროენერგიისა და გათბობის ინფრასტრუქტურა. მოლაპარაკებების მსვლელობის პარალელურად განახლდა შეტევები დრონებით და რაკეტებით, რამაც კიდევ უფრო შეაფერხა აღდგენის სამუშაოები.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 30 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი შეასრულებს ტრამპის თხოვნას უკრაინაში ცეცხლის შეზღუდული და დროებითი შეწყვეტის შესახებ, კვირადღემდე.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდიც აბუ-დაბიში იგეგმება.
ფორუმი