Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა

1 თებერვალი, დნეპროპეტროვსკი: ავტობუსზე დრონებით თავდასხმის შემდეგ
1 თებერვალი, დნეპროპეტროვსკი: ავტობუსზე დრონებით თავდასხმის შემდეგ

უკრაინის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა. დნეპროპეტროვსკის რეგიონში 15 მაღაროელი დაიღუპა, როცა მათ ავტობუსს დრონმა დაარტყა.

უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონში დრონის თავდასხმის შედეგად 15 მაღაროელი დაიღუპა, - ამის შესახებ DTEK-მა გავრცელა ცნობა. პროკურატურა 12 დაღუპულის შესახებ იტყობინება. მაღაროელები ცვლიდან ბრუნდებოდნენ ავტობუსით, როცა მათზე დრონით თავდასხმა მოხდა.


ოლქში ღამის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა უფრო ადრე რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ განჟამ. ეს მოხდა დნეპროპეტროვსკში, სადაც დარტყმის ქვეშ კერძო სახლი მოექცა.

31 იანვრის საღამოს, განჟამ ნიკოპოლთან ახლოს ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა. კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ორი მრავალსართულიანი შენობა და შვიდი კერძო სახლი.

ხერსონის ოლქში ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხდარი სროლის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაშავდა, - ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ პროკუდინი წერს. კვირა დილით, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხერსონის დაბომბვის შედეგად ქალი მძიმედ დაიჭრა, აფეთქებამ მას ფეხი მოაგლიჯა.

ასევე არიან დაჭრილები რუსული სამხედრო ძალების მიერ ხარკოვის, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაბომბვების შედეგად.

1 თებერვლის დილით, ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ დაარტყა სამშობიარო სახლს ზაპოროჟიეში. იტყობინებიან, რომ დაშავდა ექვსი ადამიანი, გამოქვეყნდა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინას ღამის განმავლობაში დაახლოებით 90 დრონით შეუტიეს, რაც ბოლო დროის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებია. ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

იანვარში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში 6000-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 5500 მართვადი ბომბი და 158 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 თებერვალს დილით. მან აღნიშნა, რომ თითქმის ყველა დარტყმა მიმართული იყო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკასა და რკინიგზაზე. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის მცდელობებს, გაანადგუროს ლოგისტიკა, სატრანსპორტო კავშირები ქალაქებსა და სოფლებს შორის“, - წერს ზელენსკი.

ამასთან, ფრონტზე რუსული ჯარების წინსვლა იანვარში მნიშვნელოვნად შენელდა წინა თვეებთან შედარებით.


ფორუმი

XS
SM
MD
LG