რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, საოკუპაციო ძალებმა 180-ზე მეტი დრონი და ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
მასირებული შეტევა გასული ღამიდან დაიწყო.
კიევის პოლიციის ტელეგრამ-არხზე 5 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად დედაქალაქში დაშავდა ორი ხანდაზმული ქალი, დაზიანებულია ხუთი მრავალბინიანი სახლი, ხანძარი გაჩნდა საოფისე შენობაში.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, რაკეტებითა და დრონებით დარტყმის შედეგად რეგიონის ათამდე რაიონში დაზიანებულია კერძო სახლები, გიმნაზია, საწარმოები და ადმინისტრაციული შენობა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 5 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 4 თებერვლის საღამოდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ორი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერ-მ“ და 183 უპილოტო საფრენი აპარატით.
სარდლობის თანახმად, ადგილობრივი დროით 08:00 საათისთვის დადასტურებული იყო 156 რუსული დრონის მოგერიება და ბალისტიკური რაკეტებითა და 22 დრონით პირდაპირი დარტყმა 16 ადგილზე.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოიგერიეს 95 უკრაინული დრონი, მათ შორის ყველაზე მეტი, 35 - კრასნოდარის მხარეში, 27 - როსტოვის ოლქში, 21 - აზოვის ზღვის თავზე და დანარჩენი ბელგოროდის და ვოლგოგრადის ოლქებსა და ყირიმში. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა დილით ტელეგრამზე დაწერა, რომ „მასირებული შეტევისას“ 30-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს რეგიონის 12 ქალაქსა და რაიონში.
გუბერნატორის თანახმად, დაშავდა ერთი ადამიანი. სხვა შედეგები სლიუსარს არ დაუსახელებია. მის მიერ ჩამოთვლილ ქალაქებს შორისაა ტაგანროგი და ნოვოშახტინსკი, სადაც სამხედრო დანიშნულების და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია. უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასულ თვეებში დრონებით არაერთხელ დაარტყეს ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, 2025 წლის ნოემბრის ბოლოს კი - ტაგანროგის ავიაშემკეთებელ და დრონების მწარმოებელ ქარხნებს.
ფორუმი