საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკოს, „შინაარსიანი საუბრის მომზადებას“ კი რამდენიმე დღე დასჭირდება. ამის შესახებ „ფრანგულ წყაროზე“ დაყრდნობით დღეს, 5 თებერვალს იუწყება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“. ის არ აკონკრეტებს საფრანგეთის რომელ უწყებას წარმოადგენს ეს წყარო.
- ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, უნგრეთის და სლოვაკეთის ლიდერების გარდა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან კონტაქტები შეწყვიტეს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
სააგენტო Reuters-მა და გამოცემა L'Express-მა ინფორმირებულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით 4 თებერვალს დაწერეს, რომ 3 თებერვალს მოსკოვში იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი ემანუელ ბონი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს შეხვდა.
ელისეს სასახლეში ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 4 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთს და რუსეთს სამუშაო დონეზე გარკვეული ურთიერთქმედება აქვთ, თუმცა რაიმე საგულისხმო შინაარსის გარეშე.
2025 წლის დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებში უფრო აქტიური როლის შესასრულებლად ევროპამ უნდა გამოძებნოს გზა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის განახლებისთვის, გამჭვირვალედ და უკრაინასთან თანამშრომლობით. ამ აზრს მიემხრო იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონიც.
ევროკავშირის წევრი ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ და ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა 4 თებერვალს ტელეკომპანია Euronews-ს განუცხადეს, რომ რუსეთთან დიპლომატიური არხების აღდგენა საჭიროა, რათა ევროპას საკუთარი ხმა ჰქონდეს მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ამჟამად უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარეობს.
ბალტიის ორი ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს კრემლთან დიალოგის განახლების მიზნით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის იდეას.
დღეს, 5 თებერვალს აბუ-დაბიში გაგრძელდა უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკება ომის დასრულების პირობებზე.
ფორუმი