ახალციხეში, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში, დღეს, 9 თებერვალს, გარდაცვლილი ნახეს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა.
"მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა".
შსს ასახელებს გარდაცვლილის ინიციალებს, თ.ო. და რომ ის 1985 წელსაა დაბადებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქმეს პროკურატურა იძიებს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" წერს, გარდაცვლილის ცხედარი ექსერტიზაზეა გადასვენებული. მათივე ცნობით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის, ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განმარტებით, გარდაცვლილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არც საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები და არც რაბათის ციხის თანამშრომლები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
რადიო თავისუფლება მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.
ფორუმი