150 მილიარდი ევრო „ქმედება ევროპის უსაფრთხოებისთვის - თავდაცვითი ინდუსტრია და კოსმოსი“ (SAFE) ინსტრუმენტით სესხების გასაცემად. ამ დროისთვის წარმოვადგინეთ და ევროკავშირის საბჭოს დასამტკიცებლად გავუგზავნეთ 19-დან 16 ეროვნული საინვესტიციო გეგმა.
2035 წლამდე წევრი სახელმწიფოები თავდაცვაზე დახარჯავენ 6.8 ტრილიონ ევროს. ახლა მაგიდაზეა 60 მილიარდი ევროს სესხი უკრაინის თავდაცვისთვის", - განაცხადა 10 თებერვალს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ევროკომისარმა თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა.
ევროკომისრის სიტყვებით, "თითქმის ოთხი წლის შემდეგ, რუსეთი არ აჩვენებს მისი სასტიკი ომის დასრულების ნიშანწყალსაც კი. ჩვენი ამერიკელი მოკავშირეების სტრატეგიული პრიორიტეტები კი ახლა არის ინდოეთი-წყნარი ოკეანე და დასავლეთი ნახევარსფერო", რის შესახებაც ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა ახლახან გამოქვეყნებულ თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაში. კუბილიუსმა ევროპარლამენტს შეახსენა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ევროპისგან მოელის პასუხისმგებლობის აღებას თავის კონვენციურ თავდაცვაზე:
"ევროპის მიერ პასუხისმგებლობის აღება არ ნიშნავს ამის გაკეთებას ნატოს გარეშე. ნატო არის ევროპაში ჩვენი კოლექტიური თავდაცვის საფუძველი და არსებითი ჩვენი ტრანსატლანტიკური კავშირებისა და მსოფლიოში ჩვენი ხმის გაჟღერებისთვის.
ევროპული პასუხისმგებლობა ნიშნავს: ნატოში ევროპის პოზიციის განმტკიცებით ნატოს გაძლიერებას. ეს ნიშნავს ჩვენი თავდაცვითი საჭიროებების უზრუნველყოფას".
ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში ლაპარაკობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს - "ევროპის თავდაცვით კავშირის” საჭიროებაზე.
ანდრიუს კუბილიუსმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროპაში თავდაცვითი წარმოების გაძლიერებას:
"თქვენ კითხულობთ: როგორ გავაძლიეროთ ევროპის თავდაცვა დღევანდელ საერთაშორისო გარემოში?
ჩემი პასუხი ძალიან მარტივია: გააძლიერეთ თავდაცვითი წარმოება. ...მეტი ენერგიით, ვიდრე ოდესმე.
ჩვენი თავდაცვითი ინდუსტრია ახლა უნდა გაიზარდოს ამ ისტორიული გამოწვევის ტოლად, გააფართოოს წარმოების ხაზები. აწარმოვეთ, აწარმოვეთ, აწარმოვეთ".
კუბილიუსმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოწოდებას თავდაცვითი წარმოების გაფართოებისკენ.
გასულ კვირაში ანდრიუს კუბილიუსის ხელმძღვანელობით გაიმართა “მიწოდების უსაფრთხოების საბჭოს” პირველი სხდომა. ეს საბჭო მონიტორინგს გაუწევს მიწოდების ჯაჭვებს, რომ წარმოებამ სათანადო მასშტაბითა და ტემპით უპასუხოს საჭიროებას. ახლო მომავალში ევროკომისარს დაგეგმილი აქვს ე.წ. “სარაკეტო ტური” წევრ სახელმწიფოებთან და წარმოებასთან სამსჯელოდ იმაზე - როგორ უზრუნველყოს ევროპამ უკრაინისა და საკუთარი მარაგებისთვის რაკეტების მიწოდების ზრდა.
ანდრიუს კუბილიუსმა "უკრაინისთვის სესხის" მხარდაჭერისკენ მოუწოდა ევროპარლამენტს:
"ასე რომ, მოგიწოდებთ: მიეცით მწვანე შუქი “სესხს უკრაინისთვის”, რომ შევძლოთ განხორციელების დაწყება".
ევროკომისრის აზრით, თავდაცვის სფეროში ევროპა დგას გადამწყვეტი არჩევანის წინაშე: "იმოქმედოს დანაწევრებულად და დააზიანოს ჩვენი კონკურენტულობა ან იმოქმედოს ერთიანად და თავდაცვითი ხარჯები აქციოს ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებლად". ის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს კოორდინაციის, პრიორიტეტების დასახვისა და “ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიის პროგრამის” (EDIP)-ის ახალი შესაძლებლობების გამოყენებისკენ.
კუბილიუსმა ევროპარლამენტარებს შეახსენა ევროკავშირის ერთ-ერთი ფუძემდებლის სიტყვები და გამოხატა რწმენა, რომ ევროპა ახლანდელი კრიზისიდანაც გაძლიერებული გამოვა:
"როგორც ჟან მონემ იწინასწარმეტყველა: ევროპული თანამეგობრობა იშვება კრიზისიდან. ახლანდელი უსაფრთხოების კრიზისიც გვაძლიერებს.
ევროკავშირი, ისტორიულად, ეკონომიკური გიგანტია.
როცა საქმე ეხება თავდაცვას, ევროკავშირი აქაც გიგანტია, მაგრამ - მძინარე გიგანტი. ამ გიგანტების სამყაროში ჩვენც გიგანტები უნდა ვიყოთ - ჩვენი ღირებულებებისადმი ერთგულები და ძლიერები".
გამოცდილი ლიეტუველი პოლიტიკოსი შეახსენებს ევროპარლამენტს, რომ "პუტინი არ დაელოდება ბოლო დიალოგის გამართვას" ევროპის გამოსაცდელად. შეახსენებს იმასაც, რომ ევროპის დამოუკიდებლობა და მის მიერ თავდაცვაზე პასუხისმგებლობის აღება არ ნიშნავს მარტო სვლას, არამედ ამას ხედავს ნატოს ფარგლებში და ნატოს ფუნდამენტზე.
"საჭიროა ვუპასუხოთ ძალიან მარტივ შეკითხვებს: თუკი ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორები გვთხოვენ პასუხისმგებლობის აღებას ევროპის კონვენციურ თავდაცვაზე, ვეთანხმებით ამ თხოვნას?
თუკი ვეთანხმებით, მოდი, ვიყოთ ძალიან პრაქტიკულები ჩვენს მსჯელობებში და ვუპასუხოთ შეკითხვებს: როგორ უნდა ჩავანაცვლოთ მათი რესურსები ევროპის კონტინენტზე, დაწყებული სტრატეგიული ხელშემწყობებით, 100-ათასიანი სწრაფი რეაგირების ჯარებით გაგრძელებული, რომელსაც ისინი ინახავენ ევროპის კონტინენტზე? და რა იქნება ჩვენი თავდაცვის გეგმა, ნატოს დოქტრინების მიხედვით?"
ევროპარლამენტში გამოსვლის დასასრულ, ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ ევროპის "უდიდესი სისუსტე არის ფრაგმენტაცია და დაყოფა, ჩვენი უდიდესი სიძლიერე - ერთიანობა".
მიმდინარე წლის 23 იანვარს გამოქვეყნებულ აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა იტვირთონ საკუთარი თავდაცვის უდიდესი წილი:
"ევროპასა და სხვა სივრცეებში, მოკავშირეები აიღებენ წამყვან როლს ჩვენთვის ნაკლებად, მათთვის კი უფრო მწვავე საფრთხეებთან გამკლავებაში, აშშ-ისგან კრიტიკული, მაგრამ შედარებით შეზღუდული მხარდაჭერით", - ვკითხულობთ აშშ-ის სტრატეგიულ დოკუმენტში. მასში აგრეთვე წერია, რომ: "მოსკოვი არ არის იმ პოზიციაში, რომ იბრძოლოს ევროპაში ჰეგემონიისთვის. ევროპული ნატო რუსეთს ეკონომიკური მასშტაბით, მოსახლეობით და, შესაბამისად, ლატენტური სამხედრო ძალით სჭარბობს. ....მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ჩართულობას ვინარჩუნებთ, ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს - და იქნება კიდეც - აშშ-ის დაცვა და ჩინეთის შეკავება".
ფორუმი