Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქვეყანას აბრალებენ, რომ რუსეთის აგენტია" - რის სათქმელად ჩამოვიდა მილანოვიჩი საქართველოში

მარცხნიდან: ზორან მილანოვიჩი და მიხეილ ყაველაშვილი
მარცხნიდან: ზორან მილანოვიჩი და მიხეილ ყაველაშვილი

ორბელიანების სასახლეში, 12 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთეს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა და მისმა მასპინძელმა კოლეგამ მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, "ვიზიტი დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენი კავშირების გაღრმავებას საერთო ინტერესის ყველა სფეროში".

მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის საერთო ღირებულებით საფუძვლებს, სუვერენიტეტისა და მშვიდობის მნიშვნელობას.

"ჩვენი ქვეყნებისთვის ისტორიული მეხსიერება, კულტურული იდენტობა, ტრადიციები და ქრისტიანობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, სწორედ ამ მყარ ფუნდამენტზე დგომით ჩვენი ერები იცავენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებს და სუვერენიტეტს ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი გუნდის გაცხადებული რიტორიკა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასთან დაკავშირებით.

"თანამედროვე მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგში სუვერენიტეტის ფუნდამენტს წარმოადგენს ეროვნული ინტერესების დაცვა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ინფორმაციული სუვერენიტეტი", - თქვა ყაველაშვილმა.

ევროკავშირთან ურთიერთობები

მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ "ამჟამად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მთელი რიგი გამოწვევების წინაშეა", თუმცა გამოთქვა იმედია, რომ "კონსტრუქციული და აქტიური დიალოგით" შესაძლებელია საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციებს შორის არსებული განსხვავებების გადალახვა და ნორმალიზება.

მან გაიმეორა "ქართული ოცნების" მიერ მანამდე არაერთგზის გამოხატული პოზიცია, რომ "ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არ უნდა იყოს მანიპულაციის ინსტრუმენტი, რასაც ხშირად მიმართავენ ევროპელი ბიუროკრატები".

მიხელ ყაველაშვილის თქმით, "საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში სამაგალითო მდგრადობა და პრინციპულობა აჩვენა, დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესები და მშვიდობა", რაზეც ევროკავშირის რიგი ქვეყნები "თვალს არ ხუჭავენ" და "ობიექტურად აფასებენ საქართველოს პროგრესს და ევრობიუროკრატების აგრესიული რიტორიკის ნაცვლად დიალოგსა და დიპლომატიას ირჩევენ“. ყაველაშვილის განცხადებით, მათ რიგშია ხორვატიაც.

ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა, ერთობლივი განცხადებებისას უზრუნველყოფილი სინქრონული თარგმანის მიხედვით, განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას განიხილავს, როგორც "სოლიდარობის ჟესტს," თუმცა "გასულ წლებში ძალიან ხშირად სოლიდარობა ცინიკური იყო".


ევროკავშირს 2024 წლიდან შეჩერებული აქვს საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები, ანტიდემოკრატიულად მიჩნეული კანონებისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში სერიოზულ უკუსვლად შეფასებული ვითარების გამო.
ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ურთიერთობის შესახებ. გუშინ, 11 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მანამდე მიღებული ახალი მექანიზმის ფარგლებში.


ქვეყანა, რომელსაც "აბრალებენ, რომ რუსეთის აგენტია"

"თქვენი ქვეყანა აღმოჩნდა შეუძლებელი დილემების წინაშე და ძალიან ცინიკური გზით, როგორც ბატონი ყაველაშვილი ამას უწოდებს, ამას აკეთებს ბრიუსელის ბიუროკრატია, ევროპული ბიუროკრატია. ისინი ჩემი სახელით ვერ ილაპარაკებენ და არც მივცემ უფლებას, ხორვატიის სახელით ილაპარაკონ. ამიტომაც აქ პირადად ჩამოვედი და აბსოლუტურად გულახდილად რომ მოგახსენოთ, 2025 წელს არ ყოფილა ვიზიტი ევროკავშირიდან. ბოდიშს ვიხდი ამ გამონათქვამისთვის, მაგრამ ეს სიგიჟეა. მინდა ჩამოვიდე აქ, მინდა ჩამოვიდე ქვეყანაში, რომელსაც ადანაშაულებენ პრორუსულობაში, პრომოსკოვურ პოზიციაში, პროპუტინისტურ პოზიციაში, მაგრამ მე სხვა გამოცდილება მაქვს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ რუსეთის აგენტია, მე ამას ვერ ვიგებ, ამიტომ გადაწყვიტე, პირადად ჩამოვსულიყავი, რომ მენახა, რა ხდება“, – განაცხადა ზორან მილანოვიჩმა.

მილანოვიჩი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის მეორეა, ვინც 2024 წლის შემდეგ ეწვია საქართველოს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

"ქვეყანას ბარიერებს უქმნიან, მორალური დილემის წინაშე აყენებენ, აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია. ეს არის მორალური შანტაჟი. ისინი აშანტაჟებენ ამ ქვეყანას, ხდება ხელების გადაგრეხა და შანტაჟი. ამიტომ ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს მეთქვა“, - თქვა ზორან მილანოვიჩმა.

მილანოვიჩმა გაიხსენა და შეაფასა გასულ წელს საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე სოლიდარობისთვის მისული ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მინისტრების მოქმედებაც.

"ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ამის გადახვევა მინდოდა ტვინში, ვფიქრობდი, მე როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში, ჩემს დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე. ვინც არ უნდა იყვნენ, არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში, არცერთ მხარეზე არ უნდა დადგე. მაგრამ ჩემთვის მიუღებელია თვითონ იდეა, რომ წნეხს ახორციელებ მცირე, პოლიტიკურად იზოლირებული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სირთულე აქვს ევროკავშირთან, ჩემთვის მიუღებელია", - თქვა ხორვატიის პრეზიდენტმა.

მან ძალიან პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები.

კოლეგის მიერ გამოხატული დამოკიდებულების შეფასებისას მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ "ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა, ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ორმაგი სტანდარტი, სხვა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან".

"ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ არ არის ზედმეტი არაფერი. ეს არის სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის თანამშრომლობა", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა

ქართველი კოლეგის შეფასება უპასუხოდ არ დატოვა ზორან მილანოვიჩმა.

"მე ვერ დავეთანხმები იმას, რომ პოზიტიური არის ხორვატია და ყველა ევროპული ქვეყანა არის ნეგატიური საქართველოსთვის. ბევრ ევროპელ მოთამაშეს საერთოდ პოზიცია არ გააჩნია, დამოკიდებულება არ გააჩნია და ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ საკუთარ კომფორტულ ზონაში. ოპორტუნისტული დამოკიდებულება აქვთ. მათ არ ესაჭიროებათ აქ ნაბიჯები, არის რესურსები, რომ მათ გაიგონ, ის კი არა, რომ აგრესიულები გავხადოთ, უბრალოდ, ვანახოთ სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომ ევროკავშირს არ გააჩნია ერთიანი პოზიცია ძალიან ბევრს არ გააჩნია მყარი პოზიციები ევროკავშირში", - თქვა მილანოვიჩმა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას, რომელიც 13 თებერვალს დასრულდება, ზორან მილანივიჩი შეხვდება „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.


ზორან მილანოვიჩის შესახებ

დასავლეთის მედია ზორან მილანოვიჩს პრორუსული პოზიციის პოლიტიკოსად მოიხსენიებდა უკრაინისადმი დამოკიდებულებისა და მუქარის გამო, რომ ვეტოს დაადებდა ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებას.

უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მილანოვიჩი ევროკავშირის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგეთა შორის იყო და აბსურდს უწოდებდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს. 2022 წლის იანვარში, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ზორან მილანოვიჩმა უკრაინას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა და განაცხადა, რომ მისი ადგილი ნატოში არ არის. ამის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორვატიის ელჩი გამოიძახეს.

  • მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ორიენტაციის ზორან მილანოვიჩი ხორვატიის პრეზიდენტია 2020 წლის თებერვლიდან;
  • მეორე ვადით აირჩიეს 2025 წლის იანვარში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად;
  • მილანოვიჩმა ხმების თითქმის 75%-ით გაიმარჯვა, რაც დამოუკიდებელი ხორვატიის ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის მიერ მიღწეული ყველაზე დიდი შედეგია;
  • 2011-2016 წლებში ზორან მილანოვიჩი ხორვატიის პრემიერ-მინისტრი იყო;
  • 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას.

მილანოვიჩმა იურისტის განათლება ზაგრების უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი - ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში.

მილანოვიჩმა 2024-25 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში კამპანია წარმართა პირადი თავისუფლებებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე აპელირებით.

ხორვატიაში საკმაოდ მაღალია მილანოვიჩის პირადი პოპულარობა, ის ხშირად აკრიტიკებს როგორც საკუთარი პოლიტიკური გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

მმართველი კონსერვატიული პარტიის, „ხორვატიის დემოკრატიული კავშირის“ (HDZ) მწვავე კრიტიკოსი, ხშირად ადანაშაულებს მას კორუფციასა და ძალაუფლების შენარჩუნებაში.

მის განცხადებებში მთავარი აქცენტი კეთდება ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე და მიიჩნევს, რომ ტრადიციული პოლიტიკური ელიტები ზედმეტად არიან მიჯაჭვულნი ბრიუსელის საგარეო დღის წესრიგთან.

მილანოვჩის კრიტიკოსები პოპულისტურად მიიჩნევენ მის ამგვარ განცხადებებს, რომლებმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ევროკავშირთან ინსტიტუციურ თანამშრომლობას.

პრეზიდენტის როლი ხორვატიაში

ხორვატიის პრეზიდენტის თანამდებობა უფრო ცერემონიალურია, ვიდრე აღმასრულებელი, მისი ვალდებულებების უმეტესობა არ მოიცავს კონკრეტული პოლიტიკური პროგრამების განხორციელებას.

უმცირესობათა უფლებები

მილანოვიჩს საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ხორვატიაში არავინ უნდა გრძნობდეს თავს მეორეხარისხოვან მოქალაქედ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო. მისი განცხადებით, ხორვატია უსაფრთხო და ღია საზოგადოება უნდა იყოს ლგბტქ+ ადამიანებისთვის.

2024 წელს ის ზაგრების პრაიდის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ხორვატია ერთნაირი სქესის მქონეთა პარტნიორობას აღიარებს, თუმცა ერთნაირი სქესის მქონე წყვილთა ქორწინება კონსტიტუციით აკრძალულია 2013 წლის რეფერენდუმის შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG