დღევანდელი მონაცემებით, ილიაუნი 30-ზე მეტ საბაკალავრო პროგრამას ახორციელებს, „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით კი მას რჩება ორი მიმართულება:
- პედაგოგიკა;
- ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები.
პროგრამების ზუსტი ჩამონათვალი უცნობია. წესით, ამის შესახებ გაირკვევა მთავრობის დადგენილებით, რომელიც ამ ეტაპზე [12 თებერვალი, 16:00 სთ] გამოქვეყნებული არ არის.
„გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!“ - დაწერა ფეისბუკში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ.
რას ნიშნავს ABET აკრედიტაცია?
ABET ტექნიკურ/ინჟინრულ სფეროში აკრედიტაციის ფორმაა, რომელიც მიენიჭება უნივერსიტეტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
- ინჟინერია;
- კომპიუტერული მეცნიერება;
- ტექნოლოგიები;
- გამოყენებითი მეცნიერებები.
STEM ასევე მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებებს, პროგრამირებას, ელექტრო და მექანიკურ ინჟინერიას, ბიოლოგიას, ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკასა და ხელოვნურ ინტელექტს.
რამდენი ფაკულტეტი აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს?
უნივერსიტეტი სტუდენტებს ოთხი მიმართულებით იღებს:
- მეცნიერებათა და ხელოვნების;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის;
- ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების;
- სამართლის.
უნივერსიტეტში ამჯერად 17 295 სტუდენტი ირიცხება. ფაკულტეტების მიხედვით, ეს რიცხვი ასე ნაწილდება:
- მეცნიერებათა და ხელოვნების - 7270;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის - 1469;
- ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების - 6779;
- სამართლის - 1777.
რომელი მიმართულებები უქმდება?
- „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს მოუწევს გააუქმოს სამართლის სკოლა.
დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ასევე უქმდება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არაერთი მიმართულება. მათ შორის:
- საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი;
- პოლიტიკის მეცნიერება;
- თავისუფალი მეცნიერებები;
- სოციოლოგია;
- კინომცოდნეობა;
- ფსიქოლოგია.
ამავე ფაკულტეტშია გაერთიანებული ანგლისტიკა; გამოყენებითი გერმანისტიკა; საფრანგეთისმცოდნეობა; ისტორია; რუსისტიკა; ლიტერატურათმცოდნეობა; ქართული ფილოლოგია; ხელოვნებათმცოდნეობა; მუსიკა; გრაფიკის ხელოვნება; გამოყენებითი ხელოვნება. თუმცა ამათგან დარჩება თუ არა რომელიმე, ჯერ არ არის დაზუსტებული.
უნივერსიტეტს მოუწევს გააუქმოს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მიმართულებების ერთი ნაწილი. მათ შორის:
- ფინანსები;
- მენეჯმენტი;
- ტურიზმი;
- არქიტექტურა.
ამავე ფაკულტეტშია გაერთიანებული მათემატიკა; კომპიუტერული ინჟინერია; სამოქალაქო ინჟინერია; ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია; ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლება.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ოთხ მიმართულებას აერთიანებს:
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები;
- ეკოლოგია;
- ფიზიკა;
- ბიოლოგია.
ამათგან რომელი მიმართულებები დარჩება და რომელი - არა, ჯერ არც ეს არ არის დაზუსტებული.
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის თქმით, 2026-2027 წელს დაახლოებით 2 ათასით გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტა და 21 300-მდე განისაზღვრება.
ვინ ჩაატარა ბაზრის კვლევა
„სახელმწიფო უნივერსიტეტებზე კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ შესაბამისად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით“, - თქვა მან.
მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები ყოველწლიურად გადაიხედება.
ამასთან, მიქანაძის თანახმად, კვოტები დაეფუძნა შრომის ბაზრის ანალიზს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა, განათლების სამინისტროსა და კერძო სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე.
“მივიღეთ ბაზრის კვლევის შედეგები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩაატარა. აქედან გამომდინარე შესაბამისი კვოტები სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს”.
გივი მიქანაძის განმარტებით, “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენცია საკმაოდ მაღალია” საიმისოდ, რომ მსგავსი კვლევა ჩაეტარებინა. ამის საილუსტრაციოდ მან თქვა, რომ “ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს თვალსაჩინო და შესაშური, მთელი მსოფლიოს მასშტაბით”.
გივი მიქანაძის თანახმად, “რამდენადაც” ინფორმაცია აქვს, ბაზრის კვლევა სამინისტრომ “შიდა რესურსით” ჩაატარა, ამასთან ერთად პროცესში ჩართული იყო განათლების სამინისტრო და კერძო სექტორი.
“სპეციალური შეხვედრაც ჩავატარეთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. როდესაც კონცეფცია გასაჯაროვდა, იქ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ცალსახად დააფიქსირეს ამ რეფორმის მნიშვნელობა და აუცილებლობა. გამოხატეს თავისი გულისტკივილი, რომ ხშირად მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ დონეზე დაიქირაონ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები და ცალსახად თქვეს, რომ ამ პროცესის განხორციელებაში აქვთ სრული მზაობა, რომ ჩაერთონ... ეს არის კომპლექსური მუშაობის შედეგი, რაც იქნება შემუშავებული”.
გივი მიქანაძის სიტყვებით, “კვლევის შედეგები დაზუსტდა სულ რამდენიმე დღის წინ, შედეგებზე შეჯერება იყო” და დარწმუნებულია, რომ “უახლოეს პერიოდში უკვე წარდგენა იქნება ანგარიშის და საზოგადოებას დეტალურად ექნება ინფორმაცია ამის შესახებ”.
მიქანაძის თქმითვე, კერძოდ “კვლევაში ჩართული იყო საქართველოს ბიზნესასოციაცია”, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ “ბიზნესასოციაციის ეგიდით შედგა შეხვედრა” და მას არ აქვს ინფორმაცია, კვლევაში კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა.
"კონკრეტულად რომელი ბიზნესის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ბიზნესასოციაციის წევრი, კერძო სექტორის წარმომადგენლები რომ იღებდნენ მონაწილეობას, ეს ვიცი”, - თქვა გივი მიქანაძემ.
განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში.
კვლევის წარმოდგენისკენ მოუწოდებს სამინისტროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია.
ის მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც დღეს, 12 თებერვალს, ისაუბრა განათლების მინისტრმა, "სამარცხვინოს" უწოდებს.
"კეთილი ინებონ და წარმოადგინონ ბაზრის კვლევა, სადაც წერია, რამდენი ფილოსოფოსი, მენეჯერი, ინჟინერი და ბიოლოგი სჭირდება ქვეყანას. ცოტას მაინც გავიცინებთ ამ მოჟამულ-მოშხამულ ატმოსფეროში", - წერს გიგა ზედანია ფეისბუკის გვერდზე.
ფორუმი