ცვლილებები მომავალი სასწავლო წლიდან, 2026-2027 წლიდან ამოქმედდება.
თუკი ახლა უნივერსიტეტი ათობით პროგრამას ახორციელებს, მომავალი წლიდან რამდენიმე მიმართულება დარჩება. კერძოდ:
- პედაგოგიკა;
- ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები.
„გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!“ - დაწერა ფეისბუკში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ.
ის „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას უმაღლესი განათლების დანგრევას უწოდებს:
„უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონიმიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე შეთანხმდნენ ერთმანეთში“.
რას ნიშნავს ABET აკრედიტაცია?
ABET ტექნიკურ/ინჟინრულ სფეროში აკრედიტაციის ფორმაა, რომელიც მიენიჭება უნივერსიტეტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
- ინჟინერია;
- კომპიუტერული მეცნიერება;
- ტექნოლოგიები;
- გამოყენებითი მეცნიერებები.
რას ნიშნავს STEM სპეციალობა?
- STEM არის აბრევიატურა და ნიშნავს:
- S – Science (მეცნიერება);
- T – Technology (ტექნოლოგია);
- E – Engineering (ინჟინერია);
- M – Mathematics (მათემატიკა).
STEM ასევე მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებებს, პროგრამირებას, ელექტრო და მექანიკურ ინჟინერიას, ბიოლოგიას, ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკასა და ხელოვნურ ინტელექტს.
უნივერსიტეტს აღარ შეეძლება პროგრამების განხორციელება სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების, იურიდიულისა თუ სხვა მიმართულებით.
რა ხდება სხვა უნივერსიტეტებში?
ყველაზე მეტი მიმართულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რჩება. ის "ქართული ოცნების" მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მოიხსენია „დედა უნივერსიტეტად“.
მიმართულებები, რომლებიც უნივერსიტეტებს რჩებათ:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები (პედაგოგიკის გამოკლებით);
- სამართალი;
- ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება;
- სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები.
„ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში...
2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ“, - თქვა გივი მიქანაძემ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- მედიცინის სპეციალობები.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აგრარული სპეციალობები;
- ქართულ-აფხაზური ენისა და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები.
სხვა უნივერსიტეტები
- სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;
- ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;
- ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
ასევე ნახეთ:
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის თქმით, 2026-2027 წელს დაახლოებით 2 ათასით გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტა და 21 300-მდე განისაზღვრება.
ვინ ჩაატარა ბაზრის კვლევა
„სახელმწიფო უნივერსიტეტებზე კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ შესაბამისად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით“, - თქვა მან.
მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები ყოველწლიურად გადაიხედება.
ამასთან, მიქანაძის თანახმად, კვოტები დაეფუძნა შრომის ბაზრის ანალიზს, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა, განათლების სამინისტროსა და კერძო სექტორთან კონსულტაციის საფუძველზე.
“მივიღეთ ბაზრის კვლევის შედეგები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩაატარა. აქედან გამომდინარე შესაბამისი კვოტები სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს”.
გივი მიქანაძის განმარტებით, “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენცია საკმაოდ მაღალია” საიმისოდ, რომ მსგავსი კვლევა ჩაეტარებინა. ამის საილუსტრაციოდ მან თქვა, რომ “ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს თვალსაჩინო და შესაშური, მთელი მსოფლიოს მასშტაბით”.
გივი მიქანაძის თანახმად, “რამდენადაც” ინფორმაცია აქვს, ბაზრის კვლევა სამინისტრომ “შიდა რესურსით” ჩაატარა, ამასთან ერთად პროცესში ჩართული იყო განათლების სამინისტრო და კერძო სექტორი.
“სპეციალური შეხვედრაც ჩავატარეთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. როდესაც კონცეფცია გასაჯაროვდა, იქ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ცალსახად დააფიქსირეს ამ რეფორმის მნიშვნელობა და აუცილებლობა. გამოხატეს თავისი გულისტკივილი, რომ ხშირად მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ დონეზე დაიქირაონ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები და ცალსახად თქვეს, რომ ამ პროცესის განხორციელებაში აქვთ სრული მზაობა, რომ ჩაერთონ... ეს არის კომპლექსური მუშაობის შედეგი, რაც იქნება შემუშავებული”.
გივი მიქანაძის სიტყვებით, “კვლევის შედეგები დაზუსტდა სულ რამდენიმე დღის წინ, შედეგებზე შეჯერება იყო” და დარწმუნებულია, რომ “უახლოეს პერიოდში უკვე წარდგენა იქნება ანგარიშის და საზოგადოებას დეტალურად ექნება ინფორმაცია ამის შესახებ”.
მიქანაძის თქმითვე, კერძოდ “კვლევაში ჩართული იყო საქართველოს ბიზნესასოციაცია”, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ “ბიზნესასოციაციის ეგიდით შედგა შეხვედრა” და მას არ აქვს ინფორმაცია, კვლევაში კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა.
"კონკრეტულად რომელი ბიზნესის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ბიზნესასოციაციის წევრი, კერძო სექტორის წარმომადგენლები რომ იღებდნენ მონაწილეობას, ეს ვიცი”, - თქვა გივი მიქანაძემ.
განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში.
კვლევის წარმოდგენისკენ მოუწოდებს სამინისტროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია.
ის მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც დღეს, 12 თებერვალს, ისაუბრა განათლების მინისტრმა, "სამარცხვინოს" უწოდებს.
"კეთილი ინებონ და წარმოადგინონ ბაზრის კვლევა, სადაც წერია, რამდენი ფილოსოფოსი, მენეჯერი, ინჟინერი და ბიოლოგი სჭირდება ქვეყანას. ცოტას მაინც გავიცინებთ ამ მოჟამულ-მოშხამულ ატმოსფეროში", - წერს გიგა ზედანია ფეისბუკის გვერდზე.
ფორუმი