Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარჩელზე BBC-ის პასუხის შემდეგ „ოცნება“ დავას აგრძელებს - ამჯერად „შიდა რეგულაციის მეორე დონეზე“

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ დავას აგრძელებს - შიდა რეგულირების მექანიზმის მეორე დონეზე.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ დავას აგრძელებს - შიდა რეგულირების მექანიზმის მეორე დონეზე.

მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ უპასუხა „ქართული ოცნების“ საჩივარს დეკემბერში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო, პარტია სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა 13 თებერვალს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ BBC-სგან პასუხი მიიღეს.

„მათ წინასწარვე ჰქონდათ თავის პოზიცია გამჟღავნებული, რომ არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიციაა“, - განაცხადა მან.

პაპუაშვილის თქმით, უკვე მუშაობენ საპასუხო მიმართვაზე, რომელიც „ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე კვლავ BBC-ში უნდა გასაჩივრდეს შიდა რეგულაციის მეორე დონეზე“.

მანამდე ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა BBC-ის კომენტარი, რომლის თანახმადაც:

„დამკვიდრებული საჩივრების პროცესის შესაბამისად, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ვუპასუხეთ მომჩივანს მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად“.

  • იანვარში საჩივრის მიღების შემდეგ რადიო თავისუფლებასთან კომენტარში BBC-მ დაიცვა ჟურნალისტური ნამუშევარი.
  • საჩივრით „ქართული ოცნება“ ითხოვს ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღებას შესაბამისი პლატფორმებიდან და BBC-ს მხრიდან საჯარო ბოდიშის მოხდას.
  • იანვარში პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუკი BBC შიდა რეგულირების მექანიზმებით მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, გააგრძელებენ სამართლებრივ დავას კომუნიკაციების ბიუროში.
  • „თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს“, - განაცხადა მან მაშინ.

ჟურნალისტური გამოძიება, სავარაუდოდ, „კამიტის“ გამოყენებაზე

BBC-ს მიერ 2025 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, BBC-მ მოიპოვა 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში არსებული ინვენტარი. ამ დოკუმენტში დაფიქსირებული იყო ორი ქიმიკატი და ინსტრუქცია, როგორ უნდა შეურიონ ისინი წყალს:

  • „ქიმიური სითხე UN 1710“ - BBC-ს განმარტებით, ეს არის ტრიქლორეთილენი (TCE) - „გამხსნელი“, რომელიც სხვა ნივთიერებას წყალში ხსნადს ხდის.
  • „ქიმიური ფხვნილი UN 3439“ - ქოლგა ტერმინი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებას მოიცავს, თუმცა დემონსტრანტების სიმპტომების გათვალისწინებით, BBC-ს ექსპერტები ეუბნებიან, რომ ეს არის ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ .

გამოცემის თანახმად, მათ „არაერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა“ ამ დოკუმენტის ნამდვილობა და გარემოება, რომ ამ ორი დასახელების ნივთიერება გამოიყენებოდა.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „კამიტი“ დამოუკიდებლად არ იხსნება წყალში ისე, როგორც, მაგალითად, შაქარი, მისი წყალში შერევა და ჭავლით გაფრქვევა შესაძლებელია. დამატებით, შესაძლებელია ემულსიის მისაღებად ორგანული გამხსნელის, მაგალითად, TCE-ს დამატება, - BBC-ს ცნობით, სწორედ ეს გამხსნელია ინვენტარში ნახსენები.

ინფორმაციის გავრცელების დღესვე, 1 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ BBC-ს წინააღმდეგ დაიწყებდნენ სამართალწარმოებას.

1 დეკემბერსავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.

6 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „რადგან ე.წ. კამიტის და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურულია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG