Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერცი მიუნხენის კონფერენციაზე: დასრულდა წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. მიუნხენი, 13 თებერვალი, 2026.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. მიუნხენი, 13 თებერვალი, 2026.

წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი წარსულს ჩაბარდა, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარასკევს, 13 თებერვალს, უსაფრთხოების საერთაშორიო კონფერენციაზე მიუნხენში.

ბავარიის დედაქალაქი 62-ედ მასპინძლობს საერთაშორისო ფორუმს, რომელიც 13-15 თებერვალს იმართება. მასში მონაწილეობს 60-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 100-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები.

„ეს წესრიგი, რაც უნდა არასრულყოფილი ყოფილიყო საუკეთესო პერიოდებშიც კი, უკვე აღარ არსებობს,“ აღნიშნა გერმანიის მთავრობის თავმჯდომარემ.

მერცმა დამსწრეთ შეახსენა, რომ კონფერენცია ტარდება პირქუში დევიზით - „ნგრევის პროცესში“. „ჩვენ გადავაბიჯეთ იმ ეპოქის ზღურბლს, რომელიც ხასიათდება ძალის გამოყენებით და ზესახელმწიფოების პოლიტიკით,“ აღნიშნა კანცლერმა.

მან ისაუბრა საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც დგას თავისუფლება მსოფლიოში, სადაც ზესახელმწიფოები დომინირებენ. „ზესახელმწიფოების ეპოქაში ჩვენი თავისუფლება აღარ არის თავისთავად ცხადი რამ. ის საფრთხის წინაშეა,“ აღნიშნა მერცმა. მისი თქმით, ამ თავისუფლების დასაცავად საჭიროა სიმტკიცე და დიდი ნებისყოფა, მზადყოფნა ცვლილებებისთვის და მხვერპლისთვისაც კი. „და არა როდისმე, არამედ პირდაპირ ახლა,“ დასძინა მან.

გერმანიის კანცლერმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს და მოსკოვის მიერ ძალის გამოყენებას უწოდა წესებზე დამყარებული ყოფილი მსოფლიო წესრიგის დანგრევის მთავარი ნიშანი. „რუსეთის ძალადობრივი რევიზიონიზმი, მისი სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ ამის მხოლოდ ნათელი გამოხატულებაა,“ აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

გერმანიაზე საუბრისას მერცმა თქვა, რომ 1945 წლის შემდეგ იქ ჩამოყალიბდა სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვის ტრადიცია. „მაგრამ არა მხოლოდ ძალზე ბევრი სახელმწიფო ძალაუფლება ანგრევს ჩვენი თავისუფლების საძირკველს. ძალზე ცოტა სახელმწიფო ძალაუფლებასაც იმასთანვე მივყავართ,“ მიაჩნია კანცლერს.

მერცის თქმით, უმაღლესი პრიორიტეტია „ევროპის გაძლიერება ნატოს ფარგლებში“. მიზანი უნდა იყოს ის, რომ შემცირდეს „ჩვენი დამოკიდებულება და დაუცველობა“, თქვა მან.

„ნატოს წევრობა არა მხოლოდ ევროპის კონკურენტული უპირატესობაა. ეს ასევე კონკურენტული უპირატესობაა შეერთებული შტატებისთვისაც. ამიტომ მოდით, ერთად აღვადგინოთ და ავაღორძინოთ ტრანსატლანტიკური ნდობა. ევროპა ასრულებს თავის წილ სამუშაოს,“ თქვა მერცმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG