Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შეჩერდეს გადაწყვეტილების აღსრულება" - ილიაუნის კურსდამთავრებულებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

საპროტესტო აქცია ილიას უნივერსიტეტთან, 12 თებერვალი, 2026
საპროტესტო აქცია ილიას უნივერსიტეტთან, 12 თებერვალი, 2026

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთები განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეიცვალოს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც, მათი აზრით, უნივერსიტეტის განადგურებაა.

რამდენიმე მოთხოვნით მათ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად არიან შეშფოთებულები 12 თებერვალს განათლების ,,რეფორმის” ფარგლებში დაანონსებული სიახლეების შესახებ და წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იდენტობა ჩამოაყალიბა და წარმატება განსაზღვრა უამრავი ადამიანის თავდაუზოგავმა შრომამ. შედეგად, ილიას უნივერსიტეტი არის წამყვანი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. გარდა ამ ტიპის მიღწევებისა, ილიაუნის ნაწილია ათეულობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში არამარტო აგროვებენ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ მონაწილეობენ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში“, - წერია განცხადებაში.

მათი მოსაზრებით, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მხოლოდ პედაგოგიკური პროფილის დატოვება და სტუდენტების მისაღები კვოტების 300 ადგილამდე შემცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განადგურებას;

„ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან თანამშრომლობას, ბოლონიის პროცესს და სპობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომავალს; ილიაუნის წინააღმდეგ მიმართული ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არის დარტყმა მთელ საზოგადოებაზე“.

ილიაუნის კურსდამთავრებულები მოითხოვენ:

  • დაუყოვნებლივ შეჩერდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება;
  • ნებისმიერი რეფორმის შემუშავებაში, რომელიც ეხება უმაღლეს განათლებას უზრუნველყოფილ იქნეს საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა;
  • დაცული იყოს კონსტიტუციით განსაზღვრული აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, - რომელსაც მნიშვნელოვნად ეზღუდება სასწავლო პროგრამები, - მომავალ სასწავლო წელს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება ექნება საბაკალავრო პროგრამებზე.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ნაწილად 12 თებერვალს წარადგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება.

„გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!“ - დაწერა ფეისბუკში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ.

ბოლო რამდენიმე დღეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციებს მართავენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ისინი უნივერსიტეტის წინ აქციაზე 14 თებერვალსაც შეიკრიბნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG