Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიუტე: ომი ღუპავს რუსეთს, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობა ამას მალე თავად იგრძნობს

მარკ რიუტე. ბრიუსელი, 2 დეკემბერი, 2025.
მარკ რიუტე. ბრიუსელი, 2 დეკემბერი, 2025.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ კვირას, 15 თებერვალს, განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რა დამღუპველია თავად მათივე ქვეყნისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომი და ყოველი ღონე უნდა იხმარონ მის შესაწყვეტად.

ამის თაობაზე მან მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფნისას ისაუბრა The Moscow Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. ინტერვიუს ფონია კრემლის მიერ Telegram-ისა და WhatsApp-ის მესინჯერების დაბლოკვა.

„დეკემბერში მათ 35 ათასი ადამიანი დაკარგეს, იანვარში - 30 ათასი“, აღნიშნა რიუტემ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანახმად, ეს დანაკარგები ჯერჯერობით არ ეხება მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს, ამიტომ ელიტები ომს სრულად ვერ აღიქვამენ. „მაგრამ ეს მალე მოვა, ვინაიდან ბრძოლებში სიკვდილიანობის ასეთი დონის პირობებში გარდაუვალია, რომ ეს მოსკოვსაც მიაღწევს და სანქტ-პეტერბურგსაც,“ აღნიშნა მან.

„ყოველი ღონე იხმარეთ, რათა შეაჩეროთ ეს, ვინაიდან ეს კლავს რუსეთს. ეს ისე ცუდია რუსეთისთვის,“ მიმართა რიუტემ რუსეთის მოსახლეობას.

გუშინ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში გამოაცხადეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 500 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტის შესახებ. ამ თანხაში შედის 200 მილიონი დოლარი დიდი ბრიტანეთისგან და ის განკუთვნილია საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეძენისთვის, რათა დაიცვან უკრაინის ქალაქები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს და თქვა, რომ მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის. მაგრამ აღნიშნა, რომ ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან დათმობების მზადყოფნას. ეს ეჭვი გაიზიარა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც.

რუბიოსთან შეხვედრამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთადერთ მიზნად რჩება უკრაინის სრული ოკუპაცია. მისი თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ დონბასის დათმობა მშვიდობას მოიტანს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ The Moscow Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეჭვი გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში. „თუკი ისტორიას გადავხედავთ, კოლონიალური ომები აუცილებლად სრულდება სხვა გუნდით, ვიდრე იმით, რომელმაც ისინი წამოიწყო“, თქვა მან.

თავის მხრივ, მარკ რიუტე გამოვიდა წინადადებით, ჯერ ხელი მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას და შემდეგ გადაწყდეს, როგორ განვითარდება მოვლენები. „მაგრამ ნატოსთვის ცხადია, როგორც დღევანდელ ვითარებას ვხედავთ, რუსეთი გრძელვადიანი საფრთხეა ალიანსის მთელი ტერიტორიისთვის,“ აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG