Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალწარმოებას იწყებს და პროკურატურას მიმართავს

საია: არსებულ კონტექსტში „ქიმიური გამაღიზიანებლებით გაჯერებული წყლის ჭავლი ვერ ჩაითვლება კანონით განსაზღვრულ შეკრების მართვის საშუალებად“.
საია: არსებულ კონტექსტში „ქიმიური გამაღიზიანებლებით გაჯერებული წყლის ჭავლი ვერ ჩაითვლება კანონით განსაზღვრულ შეკრების მართვის საშუალებად“.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით შვიდი დემონსტრანტის სახელით სამართალწარმოებას აანონსებს და გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

საიას თავმჯდომარე თამარ ონიანმა ორშაბათს, 16 თებერვალს, განაცხადა, რომ ორგანიზაცია იწყებს სამართალწარმოებას იმ შვიდი მოქალაქის სახელით, რომლებიც „2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებების გამოყენების შედეგად დაზიანდნენ“.

  • ეს იგივე პერიოდია, რასაც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ნაწილი ეხებოდა, - ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სავარაუდოდ, აქციების დაშლისას გამოიყენეს „კამიტი“;
  • „ქართული ოცნება“ ამას უარყოფს, - მათ შორის სუსის გამოძიების შედეგებით, - და BBC-ს უჩივის.

„ეს დასჯადი ქმედებაა“ - საია

ამ დემონსტრაციების დასაშლელად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სპეციალური საშუალება გამოიყენა, მათ შორის წყლის ჭავლი, - რომელსაც დადასტურებულად ჰქონდა შერეული გარკვეული ნივთიერებები; უფლებადამცველებისთვის სადავოა, კონკრეტულად რა.

საიას ხელმძღვანელის, თამარ ონიანის განცხადებით, გამოყენებული საშუალებების კანონიერებისა და პროპორციულობის შეფასებას ორგანიზაცია მიჰყავს დასკვნამდე, რომ მომხდარი „უტოლდება სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებებს“.

მან განაცხადა, რომ:

  • „ქიმიური გამაღიზიანებლების წყლის ჭავლში გარევის პრაქტიკა საქართველოში მკაფიოდ არ არის რეგულირებული“;
  • „პოლიციის შესახებ კანონი და შსს-ის ინსტრუქციები არ შეიცავს ნორმებს, რომლებიც დაასაბუთებდა ასეთ გამოყენებას“.

ბრძანება N1002

თამარ ონიანმა ასევე ახსენა 2015 წლით დათარიღებული N1002-ე ბრძანება - შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება. ის ეხება „შეკრებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციების დამტკიცებას“.

  • აღნიშნული ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და მხოლოდ ოფიციალურად გამოთხოვის შემთხვევაში შეიძლება მიიღოს დაინტერესებულმა ადამიანმა.
  • ამ ბრძანებაში უკანასკნელ წლებამდე არსებობდა ჩანაწერი, კონკრეტულად მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლმდენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება იყო აკრძალული.
  • თუმცა, როგორც იურისტები უხსნიდნენ რადიო თავისუფლებას, ბრძანებიდან ეს ჩანაწერი დღეს გამქრალია.

ამის გათვალისწინებით, საიას ხელმძღვანელმა თამარ ონიანმა განაცხადა:

„[ჩანაწერის ამოღების პირობებში] დამატებითი კანონიერების სტანდარტების გარეშე, ქიმიური გამაღიზიანებლებით გაჯერებული წყლის ჭავლი ვერ ჩაითვლება კანონით განსაზღვრულ შეკრების მართვის საშუალებად“.

მისი თქმით, ეს „ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე კონვენციურ სტანდარტს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული“.

რა სიმპტომებს უჩიოდნენ დემონსტრანტები?

საია აცხადებს, რომ არაერთხელ მიუთითებდა ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივ შედეგებზე, რაზეც დემონსტრანტები საუბრობდნენ. დღეს ორგანიზაციის თავმჯდომარემ ეს სიმპტომები ასე აღწერა:

  • „კანის დამწვრობა;
  • მხედველობის გაუარესება;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ნევროლოგიური და ალერგიული დარღვევები;
  • სმენის პრობლემები;
  • სახსრების ტკივილი და სხვა“.

საია ამჟამად წარმოადგენს შვიდ პირს, რომლებიც, ორგანიზაციის თანახმად, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას უკავშირებენ აღნიშნული აქციებისას წყლის ჭავლის გამოყენებას.

„მრავალჯერადი მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლებამ 2025 წლის დეკემბრამდე არ გაასაჯაროვა იმის შესახებ, რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენებოდა 2024 წლის აქციებზე, ხოლო შსს-მ საიას მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას მანამდე პასუხი საერთოდ არ გასცა“, - განაცხადა ონიანმა.

2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები“ ამოწურულად გამოაცხადა;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 დღეში დაადგინა, რომ თბილისში დემონსტრანტთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის, „კამიტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ BBC-ის ფილმი იყო „მიზანმიმართული დეზინფორმაცია“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, სუსის წარმოებული გამოძიება „ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების კონვენციურ სტანდარტს“.

ამის არგუმენტად ორგანიზაცია ასახელებს შემდეგ გარემოებას: „ერთი და იგივე ორგანო პარალელურად იძიებს როგორც შესაძლო უფლებადარღვევას, სპეციალური საშუალებების უკანონო არაპროპორციულ გამოყენებას, ისე თავადვე აყენებს ამ უფლებადარღვევის არსებობას ეჭვის ქვეშ“.

მოთხოვნები

თამარ ონიანის თქმით, ეს გარემოება „ძირს უთხრის გამოძიების როგორც ინსტიტუციურ, იერარქიულ, ისე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას“.

საია ითხოვს:

  • სუსის გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას;
  • თავისი დაცვის ქვეშ მყოფთა გამოკითხვას;
  • ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის შეფასებას შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულებთან მიმართებით;
  • პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებას;
  • აღნიშნული შვიდი პირის დაზარალებულად ცნობას.

„წივილ-კივილს სასამართლო ჯობია“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას „ზღაპრები“ უწოდა საიას მიგნებებს და განაცხადა:

„მათ შეუძლიათ ნებისმიერ რაღაცაზე მიმართონ სასამართლოს. ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, რომ სასამართლოში წახვიდე და შესაბამის განაჩენს დაელოდო“.

მან საიას უწოდა „ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაცია“ და თქვა: „ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მოგვიანებით განაცხადა: „ყველამ დაინახა, რომ BBC-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე, მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტზე“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG