რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” მიერ დღეს, 16 თებერვალს გავრცელებული ცნობით, მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლომ ეკატერინა კოტრიკაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა.
ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც რუსეთში აღარ ცხოვრობს, დაუსწრებლად გაასამართლეს რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით.
რუსეთის პროკურატურამ ასეთად მიიჩნია ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც ეხებოდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას და ოდესაზე ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი თვის გოგოს და მისი დედის დაღუპვას და „დოჟდის“ ეთერში უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ხელმძღვანელის ციტატის მოყვანა, რომელიც ეხებოდა კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის დროს მათ მიერ ჩადენილ წამებას და გაუპატიურებას.
თბილისში დაბადებული ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ და რუსულ ტელეკომპანიებში. 2020 წლიდან არის დამოუკიდებელი ტელეარხის, „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „დოჟდი“ გამოაცხადა „არასასურველ ორგანიზაციად", ხოლო არხის არაერთი ჟურნალისტი, მათ შორის ეკატერინა კოტრიკაძეც - „უცხოეთის აგენტად".
ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ლიცენზია ჯერ ლატვიისგან, ამ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ კი ნიდერლანდისგან მიიღო. ამჟამად „დოჟდის“ რედაქცია ამსტერდამიდან საქმიანობს.
რუსეთის ხელისუფლება „ფეიკების“ გავრცელებაში ადანაშაულებს „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს, ტიხონ დზიადკოს და წამყვანს, ეკატერინა რატნიკოვასაც. ისინი კოტრიკაძესთან ერთად ძებნილად არიან გამოცხადებული.
2025 წლის ოქტომბერში მოსკოვის სასამართლომ „ფეიკების“ გავრცელებაში დამნაშავედ ცნო „დოჟდის“ ჟურნალისტი ანა მონგაიტი და დაუსწრებლად მიუსაჯა 5-წლიანი პატიმრობა.
რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით მოსკოვში 2026 წლის იანვრიდან ასამართლებენ ტელეარხის კიდევ ერთ ჟურნალისტს, ვალერია კიჩიგინას. მას ბრალი დასდეს არა მხოლოდ უკრაინაში, კერძოდ, ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ხალხის დახოცვასთან დაკავშირებული პოსტის, არამედ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამოც.
2023 წლის 8 აგვისტოს ჟურნალისტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა საქართველოში ომის დაწყების მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოკოლაჟი და დაწერა, რომ რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ და მშვიდობიანი ქალაქები დაბომბეს.
- რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს არმიის შესახებ „ცრუ ინფორმაციის"(„ფეიკების“) გავრცელების მუხლი დაამატეს უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტში.
- „დანაშაულის" კატეგორიების მიხედვით მინიმალური სასჯელი ჯარიმაა, მაქსიმალური - 15 წლამდე პატიმრობა. „ფეიკების“ მუხლით უამრავი ადამიანია გასამართლებული.
- ჟურნალისტ ვალერია კიჩიგინას საქმე პირველი ცნობილი შემთხვევაა, როცა საქმე აღძრულია საქართველოში რუსეთთან ომის შესახებ პოსტის გამოც.
ფორუმი