Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დასრულდა უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე, შეხვედრები ოთხშაბათს გაგრძელდება

უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში. 17 თებერვალი, 2026
უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები ჟენევაში. 17 თებერვალი, 2026

17 თებერვალს ჟენევაში, სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა სამმხრივი მოლაპარაკებები უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების მონაწილეობით. პროცესი ოთხშაბათს გაგრძელდება.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელ, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვის სიტყვებით:

"დასრულდა სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე.

ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გავაგრძელეთ მუშაობა ჯგუფებში, სფეროების მიხედვით. მსჯელობა ფოკუსირებული იყო პრაქტიკულ საკითხებზე და შესაძლო მოგვარების მექანიზმებზე. როგორ პოლიტიკური, ისე სამხედრო მიმართულებებზე მუშაობა დღეისთვის დასრულდა".

უმეროვი მადლობას უხდის ამერიკელ პარტნიორებს "მათი კონსტრუქციული მონაწილეობისა და სტაბილურად მუშაობისთვის მზადყოფნისთვის".

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი წერს, რომ მოლაპარაკებების პირველი დღის შესახებ მოახსენებს უკრაინის პრეზიდენტს. ხვალ კი ჟენევაში განახლდება. 18 თებერვალს დილით, პოლიტიკური და სამხედრო ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას. შეხვედრის დაწყებამდე უმეროვმა განმარტა, რომ ჰქონდათ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ დამტკიცებული მოლაპარაკებების ჩარჩო და მკაფიო მანდატი და რომ დღის წესრიგში იყო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები:

"ვმუშაობთ კონსტრუქციულად, კონცენტრირებულად და გადაჭარბებული მოლოდინების გარეშე. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურ პროგრესს მივაღწიოთ ისეთი საკითხების გადაწყვეტაზე, რომლებითაც მდგრად მშვიდობასთან მიახლოებას შევძლებთ".

აშშ-ს ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.

ჟენევაში გაგზავნილი დელეგაციისგან ინფორმაციის მოლოდინზე განაცხადა 17 თებერვლის საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა. დასაწყისში კი ილაპარაკა სამშაბათს რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე:

"ნასროლი იყო 29 რაკეტა, რომელთაგან 25-ის ჩამოგდება მოხერხდა. ეს ჩვენი ანტისაჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი შედეგია და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ანტისაჰაერო თავდაცვა - ეს ყოველდღიური საჭიროებაა.

მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის. ჟენევის მორიგი ფორმატების დაწყების დღესაც კი - სამმხრივის, ორმხრივის ამერიკასთან - რუსეთი ხვდება დარტყმით. ეს კარგად წარმოაჩენს, რა სურს რუსეთს და რაზე არიან ისინი მომართულები. იყო კიდევ თითქმის 400 დრონი.

დარტყმების საფრთხე არ ქრება. ცივი ამინდი თავისთავად იზიდავს რუსეთს, ისინი შემდგომშიც შეეცდებიან ზამთარი ომის სამსახურში ჩაიყენონ. ამიტომ საჭიროა შემდგომშიც ძალიან ყურადღებით იყოს ჩვენი ყველა მებრძოლი, რომელიც იცავს ცას. მადლობა, ბიჭებო, სიზუსტისთვის".

პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაუსრულებლობის გამო კითხვები მხოლოდ რუსეთის მიმართ უნდა დაისვას:

"დღეს იქნება დელეგაციის ანგარიში ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ. ბიჭებმა ნამდვილად უნდა დასვან საკითხი ამ დარტყმებზე - უპირველეს ყოვლისა, ამერიკულ მხარესთან, რომელიც ჩვენ და რუსეთს გვთავაზობდა დარტყმებისგან თავის შეკავებას.

უკრაინა მზად არის. ჩვენ ომი არ გვჭირდება. ჩვენ ყოველთვის სარკისებურად ვმოქმედებთ - ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს დამოუკიდებლობას. აგრეთვე, მზად ვართ სწრაფად ვიაროთ ომის დასრულებაზე ღირსეული შეთანხმებისკენ.

შეკითხვა მხოლოდ რუსების მიმართ არის: მათ რა სურთ. აგრეთვე, მოჰყვება თუ არა რუსეთისთვის შედეგები იმას, რომ „შაჰედები“, რაკეტები და ისტორიულ თემებზე ფანტაზიური ლაყბობა მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალური დიპლომატია, დიპლომატია და ხანგრძლივი მშვიდობა".

გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევაში იმყოფებოდნენ აგრეთვე საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციები.

ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა კიევს, "სწრაფად მიუჯდეს მაგიდას". ვაშინგტონი კიევს მოუწოდებს შეთანხმების სწრაფად მიღწევისა და ზაფხულამდე არჩევნების ჩატარებისკენ.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა ომის მიმდინარეობისას არჩევნების ჩატარების შეუძლებლობაზე და თუკი აშშ უზრუნველჰყოფს რუსეთის მიერ რამდენიმეთვიან ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინა ჩაატარებს არჩევნებს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიუნხენში კითხვა-პასუხის დროს აგრეთვე იხუმრა: "ჩვენც შეგვიძლია ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება რუსებისთვის, თუ ისინი რუსეთში არჩევნებს ჩაატარებენ".

ფორუმი

XS
SM
MD
LG