Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ეწინააღმდეგება გერმანიის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას

ფრიდრიხ მერცი. დავოსი, 22 იანვარი, 2026.
ფრიდრიხ მერცი. დავოსი, 22 იანვარი, 2026.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის წინააღმდეგ გამოვიდა.

სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამისი განცხადება გააკეთა პოდკასტ Machtwechsel-ის 18 თებერვლის გამოშვებაში.

„არ მინდა, რომ გერმანია საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნაზე დაფიქრდეს,“ თქვა მერცმა. მან ასევე გაიხსენა, რომ ქვეყანამ უარი თქვა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნაზე, როცა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „ორს პლუს ოთხი“, რომელმაც გზა გაუხსნა გერმანიის ხელახლა გაერთიანებას, ასევე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას.

ამასთან, მერცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ევროპულ ინიციატივებში ბირთვული შეკავების თაობაზე.

გერმანიის შეიარაღებულ ძალებს აქვთ თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ. ჩვენ შეგვიძლია ამერიკული ბირთვული იარაღის ტრანსპორტირება. თეორიულად ეს შეიძლება გავრცელდეს ბრიტანულ და ფრანგულ ბირთვულ იარაღზეც,“ აღნიშნა კანცლერმა.

მერცმა ასევე გაიმეორა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვები, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპისთვის „ბირთვული ქოლგის“ შექმნის თაობაზე.

„ჩვენს დროში არ შეიძლება საფრანგეთის მთავრობის ასეთი წინადადების უგულებელყოფა,“ დასძინა მერცმა საფრანგეთის ინიციატივის შესახებ, რომ ბირთვული იარაღი ევროპის სხვა ქვეყნებშიც განთავსდეს. საფრანგეთი ევროპის კავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს.

ათწლეულების განმავლობაში გერმანია აშშ-ის „ბირთვული ქოლგის“ ქვეშ იყო. გერმანიაში 20-მდე ამერიკული ბირთვული ბომბია განთავსებული. მათი აქტივაციის კოდები მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს მოეპოვება. ამასთან, ბუნდესვერი ამ ბომბებს თვითმფრინავებით უზრუნველყოფს. ბიუხელის ავიაბაზაზე განლაგებული Tornado-ს ტიპის გამანადგურებლებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ისინი მიზნამდე მიიტანონ. ნატო ამას „ბირთვული იარაღის ერთობლივ გამოყენებას“ უწოდებს, ვინაიდან ასეთი გეგმის რეალიზაციაში ევროპის სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG